ახალი ამბები

ბოკერია სუს-ის უფროსის პარლამენტში დაბარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს

21 სექტემბერი, 2021 • 837
ბოკერია სუს-ის უფროსის პარლამენტში დაბარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

“ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ვითარება ივანიშვილის ნაბიჯების შედეგად გასცდა იმ ზღვარს, როდესაც სხვა ვითარებაში, ნორმალური საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებას აზრი ჰქონდა. ჩვეულებრივ, ნორმალურ ან ნორმალურთან მიახლოებულ ვითარებაში ეს აბსოლუტურად ბუნებრივი იქნებოდა. ჩვენ ამას გაცდენილები ვართ. ახლა ერთ რამეზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული — არჩევნებზე მოქალაქეების მოსვლა და ამ რეჟიმის დამარცხება ისე, რომ შემდეგ სწრაფად იყოს ვადამდელი არჩევნები. ამიტომ, ნებისმიერი სხვა ნაბიჯი, რომელიც თუნდაც გულწრფელი მოტივით იქცევა ფიქციად და უბრალოდ სპექტაკლად, თითქოს დემოკრატიული ინსტიტუტები მუშაობს, არ არის მიზანშეწონილი“, – განაცხადა ბოკერიამ.

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევისა და პარლამენტში სუს-ის უფროსის მოსმენის მიზნით, ფრაქცია “ლელომ” ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ინიციატივას მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა პარტიებმა: “საქართველოსთვის”, “გირჩმა”, “მოქალაქეებმა”, “სტრატეგია აღმაშენებელმა” და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა: თაკო ჩარკვიანმა, თამარ კორძაიამ და დავით ბაქრაძემ, თუმცა მათი ხმების საკმარისი არ არის, საჭიროა 38 ხმა, ენმ კი ამბობს, რომ 2 ოქტომბრამდე არ სცალია და რიგგარეშე სხდომის მოწვევას მხარს არ უჭერს.

ამ თემაზე:

რატომ ვერ/არ იბარებს ოპოზიცია სუს-ის უფროსს პარლამენტში

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი