ახალი ამბები

სრულად დაფინანსდეს ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობა – პეტიცია

21 სექტემბერი, 2021 • 16992
სრულად დაფინანსდეს ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობა – პეტიცია

ასობით მოქალაქე აწერს ხელს პეტიციას, რომელიც ონკოპაციენტი ბავშვებისთვის სახელმწიფოსგან სრულად დაფინანსებას ითხოვს.

პეტიციაზე ხელმომწერი მოქალაქეები მოითხოვენ, რომ სრულად ფინანსდებოდეს, როგორც მკურნალობას, ასევე რეაბილიტაცია – „საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, სავალდებულო გამგზავრების შემთხვევაში,“.

„საქართველოში წლიურად საშუალოდ 100 ბავშვს უდასტურდება ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი. ბოლო 5 წლის განვალობაში 683 ბავშვს დაესვა კიბოს დიაგნოზი. სახელმწიფოს მხრიდან ბავშვის საქართველოში მკურნალობის დაფინანსება 23 000 ლარს შეადგენს თითო ბავშვზე. აღნიშნული თანხა იმდენად მიზერულია, რომ ხშირად კვების და ხარისხიანი მედიკამენტების შეძენის საშუალებასაც არ იძლევა ოჯახებისთვის.

საქართველოში შეზღუდულია ბავშვთა ონკოლოგებისა და კლინიკების რაოდენობა. არ ტარდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცედურები ბავშვებში, მაგალითად როგორიცაა ძვლის ტვინის გადანერგვა და სხვა მაღალტექნოლოგიური ოპერაციები. შესაბამისად, ბავშვის გადასარჩენად მშობელს უწევს შვილის საზღვარგარეთ გამგზავრება სამედიცინო მომსახურების მიღების მისაღებად, რაც საშუალოდ 150 000 დოლარი ჯდება.

სახელმწიფო, იმ ბავშვს რომელსაც საზღვარგარეთ უწევს მკურნალობის მიღება მხოლოდ 30 000 ლარით ეხმარება, რაც ნიშნავს იმას რომ სახელმწიფო არ ეხმარება ბავშვს და ოჯახები მხოლოდ კერძო პირების კეთილი შემოწირულობების იმედად არიან დარჩენილები. ბევრი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა სწორედ ფინანსების არ ქონას! ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვები წლების განმავლობაში საკონტროლო კვლევებს საჭიროებენ რაც ასევე არ ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან,“ – წერია პეტიციაზე თანდართულ განცხადებაში.

პეტიციის ავტორები, ონკოპაციენტი ბავშვების მშობლები, აცხადებენ, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის, ბავშვის უფლებათა კოდექსის და ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, ყველა ბავშვს აქვს უფლება, გადარჩეს, სარგებლობდეს ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესი სტანდარტით.

შესაბამისად, თითოეული ბავშვი უნდა ცხოვრობდეს უსაფრთხოდ, რათა ფიზიკურ, მორალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას ხელი არაფერმა შეუშალოს- „სახელმწიფო კი ვალდებულია ყველაფერი იღონოს ბავშვების გადარჩენისა და ბედნიერებისთვის,“.

მასალების გადაბეჭდვის წესი