ახალი ამბები

მარნეულში ახალგაზრდას ხელ-ფეხი შეუკრეს და სარწყავ არხში დაახრჩვეს – შსს

21 სექტემბერი, 2021 • 1510
მარნეულში ახალგაზრდას ხელ-ფეხი შეუკრეს და სარწყავ არხში დაახრჩვეს – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავეს.

უწყების განცხადებით, მათგან ორ ბრალდებულს გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება, ერთს კი ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება.

შსს-ის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-მ და ო.გ. -მ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, შურისძიების მოტივით, ნაცნობს – 1993 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს ძალადობის გამოყენებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ხელ-ფეხი შეუკრეს.

შემდეგ კი გამოძიების ვერსიით ბრალდებულებმა გაკოჭილი ჯ.ჩ., ო.გ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში წაიყვანეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილ ქმედებას შეესწრო მათივე მეგობარი – ს.ა., თუმცა მან მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა. საქმეზე ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მარნეულში დააკავეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს” – აცხადებენ უწყებაში.

შსს-ის განცხადებით, ო.ტ-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 17 წლამდე ვადით, ხოლო ს.ა.-ს მიერ ჩადენილი ქმედება 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი