ახალი ამბები

კალაძის თქმით, თუ საჭიროა დიპლომატებსაც უნდა მოუსმინონ “კანონის ფარგლებში”

20 სექტემბერი, 2021 • 1966
კალაძის თქმით, თუ საჭიროა დიპლომატებსაც უნდა მოუსმინონ “კანონის ფარგლებში”

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თუ საჭიროა დიპლომატებსაც უნდა მოუსმინონ. ამის შესახებ მან დღეს, 20 სექტმბერს, ჟურნალისტებთან სავარაუდოდ სუს-ის მიერ ელჩების მოსმენაზე კომენტირებისას განაცხადა.

“უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება, მოუსმინოს იმას, ვინც მოსასმენია კანონის ფარგლებში. ეს ყველა ქვეყანაში ასე ხდება. შესაბამისად, ჩვენი სამსახური უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე. აუცილებად უნდა მოუსმინონ ვინც სჭირდებათ და მოსასმენია. რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში”

კითხვაზე – მათ შორის დიპლომატებსაც უნდა მოუსმინონ თუ არა, კალაძე პასუხობს:

“თუ ეს არის საჭირო, კი”, – ამბობს კალაძე.

ფაილებიდან, რომლებმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა, იკვეთება, რომ უწყება უსმენს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც. მასალებს შორისაა ათეულობით ცნობა, რომლებიც აღწერენ ელჩებისა და საელჩოების თანამშრომლების საუბრებს ერთმანეთთან თუ მესამე პირებთან.

ზოგიერთი მასალის შემთხვევაში, რთულია იმის იდენტიფიცირება, ვის უსმენს სახელმწიფო კონკრეტულ მომენტში: დიპკორპუსის წარმომადგენელს თუ პირს, რომელსაც ის ესაუბრება. თუმცა, მასალების ნაწილის შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება, რომ მოსმენის ობიექტები სწორედ უცხო ქვეყნების საელჩოები არიან.

რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირი გამოეხმაურა ცნობას სუს-ის მიერ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის სავარაუდო მოსმენის შესახებ.

“ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რადგანაც მას მოჰყვება შედეგები ვენის კონვენციის ჩარჩოს ფარგლებში. ჩვენ ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს ამ კონტექსტში, ისევე როგორც ყოველთვის ვაკეთებთ მსგავს სიტუაციებში, მაგრამ სავარაუდო ინცინდენტის ხასიათიდან გამომდინარე, ამ დროისთვის მეტს ვერ ვიტყვით”, — განაცხადა რადიო “თავისუფლების” ინფორმაციით, ევროკავშირის პრესსპიკერმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პიტერ სტანომ.

გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, კი “დიპლომატიური წარმომადგენლობების ფარული მოსმენა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს მათზე არ არის მიმართული, წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევას”.

“წვდომა ჰქონდათ მოსმენების სამსახურთან” — პრემიერი გახარიას გუნდზე

მასალების გადაბეჭდვის წესი