ახალი ამბები

იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი რამ განმეორდება, იგივენაირად მოვიქცევი — გახარია 20 ივნისზე

18 სექტემბერი, 2021 • 1445
იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი რამ განმეორდება, იგივენაირად მოვიქცევი — გახარია 20 ივნისზე

პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს, რომლის დროსაც ამ უკანასკნელმა 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა გახარიას დააკისრა.

გიორგი გახარიამ, რომელიც 20 ივნისის მოვლენების დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ღარიბაშვილის საპასუხოდ განაცხადა:

“20 ივნისზე მე სრულად მაქვს პასუხისმგებლობა აღებული. უფრო მეტსაც გეტყვით: იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი რამ განმეორდება და არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური ძალა დააპირებს ძალადობით სახელმწიფო ინსტიტუტში შეჭრას, მე იგივენაირად მოვიქცევი”.

მისივე სიტყვებით, გუშინ საბოლოოდ დარწმუნდა, რომ “ოცნება განაცდა”.

17 სექტემბერს “რუსთავი 2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში ღარიბაშვილმა თქვა, რომ 20 ივნისს გახარიამ “ჩამოშლის პირას მიიყვანა სახელმწიფო” და “უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს”.

“მერე იყო 20 ივნისის თემა, გავრილოვის ღამე, რომელიც, რა თქმა უნდა, მისი ჩავარდნაა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ იმყოფებოდა თბილისში და ვის უნდა გაეკონტროლებინა, თუ არა უსაფრთხოების საბჭოს მდივანს და ვიცე-პრემიერს, კაცს, რომლის კურატორობის ქვეშ იყო ყველაფერი.

შინაგან საქმეთა მინისტრი იყო კაცი, ვერ გავიგე, საზღვარს ვინ აკონტროლებს? ვის უნდა გაეკონტროლებინა, ეს კაცი [რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი] იყო თუ არა ნამყოფი ოკუპირებულ ტერიტორიებზე? მას ჰქონდა წვდომა ყველაფერზე.

მან რა გააკეთა… ამას დამწყები სპეცრაზმელიც აუხსნის მოქალაქეს. პარლამენტის შენობა ისე არის დაცული დღეს, გამორიცხულია, ის შეანგრიო და შიგნით შეაღწიო. მეორე დღეს, როცა კრიზის გარჩევა იყო, მას ვკითხე, რატომ გამოიყვანეს გარეთ სპეცრაზმელები, რატომ აცემინეს 3 საათის განმავლობაში ნაცმოძრაობის ბრბოს სპეცრაზმელები? ჩამოშლის პირას მიიყვანა სახელმწიფო. ყველა გაგიჟებული ვიყავით.

მე პარტიის ოფისში ვიყავი ღამით და ყველა ვკითხულობდით, სად არის წყალი, გაზი? დაუშინეს მერე და მათ შორის, უდანაშაულობის ადამიანებს თვალები დათხარეს. ეს არის მისი ხელწერა”, — თქვა მან.

ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა არ ყოფილა ისეთი ხისტი მაშინ, როცა გახარია “ქართული ოცნების” გუნდის წევრი იყო.

2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, როდესაც თბილისის ცენტრში ათასობით ადამიანი აპროტესტებდა პოლიციის ძალადობას და გახარიას გადადგომას მოითხოვდა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივნის თანამდებობას იკავებდა, თქვა:

“გუნდი მხარს უჭერს ბატონ გახარიას. გიორგის აქვს სრული მხარდაჭერა ამ პროცესებში. კიდევ ვიმეორებ, თუ იყო ამა თუ იმ სპეცრაზმელის გადაცდომა, ეს გაირკვევა.

საუბარი რაზეა, თუ დამიზნებით ესროდნენ ჟურნალისტებს თუ ახალგაზრდებს, ეს ფაქტები იქნება შესწავლილი და ყველა კითხვას, რა თქმა უნდა, მეც მომხრე ვარ, გაეცეს ამომწურავი პასუხი.

დანარჩენი, მე ვფიქრობ, არის უბრალოდ იმ უდიდესი გამოუსწორებელი შეცდომის გადასაფარად ატეხილი ისტერია, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა”.

“ოცნების” ლიდერების მხრიდან გახარიასადმი 20 ივნისის გამო კრიტიკა მას შემდეგ გაისმა, რაც ეს უკანასკნელი პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა, მმართველი გუნდი დატოვა და პარტია დააფუძნა.

რა მოხდა 20 ივნისს?

2019 წლის 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტსა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის გახსნას საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა, რომლებიც ანტიკრემლისტურ და ანტისამთავრობო რიტორიკას ატარებდა.

აქცია პოლიციის მიერ დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს.

2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებისას დაშავდა 240-დე ადამიანი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი, რამდენიმემ — მხედველობა. დაზიანებები მიიღეს მედიის წარმომადგენლებმა და სამართალდამცველებმაც.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი მანდატი დატოვა. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნდათ და პროტესტს აგრძელებდნენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით. პერმანენტული აქციები რუსთველის გამზირზე თვეზე მეტხანს გრძელდებოდა.

ხელისუფლებამ ასევე პირობა დადო, რომ შეცვლიდა საარჩევნო სისტემას და სრულად პროპორციული მოდელით ჩაატარებდა 2020-ის არჩევნებს, თუმცა “ოცნების” დეპუტატებმა ინიცირებული ცვლილებების პაკეტი ჩააგდეს, რასაც მოჰყვა მმართველი გუნდის კრიტიკა, როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან, ასევე აშშ-ს და ევროკავშირის საკანონმდებლო და აღმასრულებელი წრეებიდან.

საბოლოოდ ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ პროპორციულთან მიახლოებულ 120/30 მოდელზე, რომლის კენჭისყრაც ჯერ არ ყოფილა.

20 ივნისის მოვლენებიდან 2 წლისთავზე, არაერთი ადამიანი ჩივის, რომ დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს, იმ ღამით მიღებული დაზიანებების მიუხედავად.

მასალების გადაბეჭდვის წესი