ახალი ამბები

საიამ რუსთავი 2–ს მორიგებაზე უარი უთხრა

27 იანვარი, 2010 • 14470
საიამ რუსთავი 2–ს მორიგებაზე უარი უთხრა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ტელეკომპანია რუსთავი 2 –ს მორიგებაზე უარი უთხრა. “განცხადებისგან ჯერ თავს ვიკავებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მორიგება შემოგვთავაზეს. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მორიგების პირობები  ჩვენთვის არახელსაყრელი და არამომგებიანი იყო და ამიტომ  უარი ვთქვით. შესაბამისად, კომისია უკვე ვალდებულია, რომ მიიღოს გადაწყვეტილება და იმის და მიხედვით როგორი გადაწყვეტილება იქნება,  შეიძლება გავასაჩივროთ სააპელაციოში ორგანოში.”– განაცხადა თამარ ხიდაშელმა „ნეტგაზეთთან“.

მორიგების საგანს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების კომისიაში, საიას საჩივარი წარმოადგენდა, რომელიც 12 დეკემბერს, პროგრამაში “კურიერი პ.ს.“ გასულ სიუჟეტს მოჰყვა. სიუჟეტი შეეხებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საქმიანობას და საუბარი იყო  “საიას დამსახურებით განთავისუფლებულ ოს კრიმინალებზე”. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სწორედ ამ სიუჟეტს გამოეხმაურა.  “სიუჟეტის ავტორისა და პროგრამის პროდიუსერის მიერ მნიშვნელოვნად იქნა დამახინჯებული ზოგიერთი დეტალი, ხოლო ჟურნალისტების სუბიექტური, გადაუმოწმებელი მოსაზრება დაეყრდნო არსებითად მცდარ ფაქტებს…” ნათქვამია საიას განცხადებაში.

რუსთავი 2– მა საიას სიუჟეტის მომზადება შესთავაზა.

“დაახლოებით ესეთი პირობა იყო რომ მომზადდებოდა სიუჟეტი, რომელსაც 90 წამი დაეთმობოდა დღის კურიერში. თუმცა დაკონკრეტებული არ იყო ამ სიუჟეტში როგორ იქნებოდა დრო განაწილებული – რა დრო დაგვეთმობოდა ჩვენ და რა დრო დაეთმობოდა რუსთავი 2–ს, რომ შემდეგ კომენტარი გაეკეთებინა. ჩვენ ჩავთვალეთ რომ ეს იყო არაადეკვატური, იმიტომ რომ სიუჟეტი გავიდა  გადაცემა „კურიერ პოსტ სკრიპტუმში“ რომელსაც მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა  უყურებს.   ჩავთვალეთ, რომ არ იქნებოდა თანაბარი ზომა და ამიტომ ვთქვით უარი.” ამბობს თამარ ხიდაშელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი