შსს-ს თანახმად, გლდანი-ნაძალადევის პოლიციამ დააკავა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას ედავებიან.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ჩართული იყო ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, მან უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“-ის შემცველი ნარკოტიკი, შემდგომი გასაღების მიზნით, ნაძალადევის რაიონში, სხვადასხვა ადგილზე განათავსა და მათი ადგილმდებარეობის ფოტოგადაღება განახორციელა”, — ამბობს უწყება.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, „ალფა პვპ“- ს შემცველი ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.