ახალი ამბები

საარჩევნო კოდექსთან მიმართებით რამდენიმე რეკომენდაცია გაუთვალისწინებელი რჩება — ეუთო/ოდირის ანგარიში

18 სექტემბერი, 2021 • 1167
საარჩევნო კოდექსთან მიმართებით რამდენიმე რეკომენდაცია გაუთვალისწინებელი რჩება — ეუთო/ოდირის ანგარიში

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.  ორგანიზაცია საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე საუბრისას დასძენს, რომ მისი რეკომენდაციების ნაწილი ისევ განუხორციელებელია. წინა ანგარიშების მსგავსად, ეუთო/ოდირი ამჟამადაც ამახვილებს ყურადღებას პოლარიზებულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე.

ორგანიზაციის თქმით, საკანონმდებლო ბაზა არსებითად შეიცვალა 2021 წლის 28 ივნისს, 19 აპრილს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით გამოწვეული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას.

“ამ ცვლილებების ძალით, შეიცვალა საარჩევნო კომისიების შემადგენლობა და დანიშვნის წესი, შემოღებული იქნა უფრო მაღალი პროპორციული კომპონენტი ადგილობრივი არჩევნებისთვის, გაიზარდა დავების გადაწყვეტის ვადები, შემოღებული იქნა სავალდებულო შემთხვევითობის წესით ხმების ხელახალი დათვლა და დამატებითი ზომები იქნა მიღებული ამომრჩეველთა დაშინებისა და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად”, — ვკითხულობთ ანგარიშში.

მეორე მხრივ, იქვე ხაზგასმულია, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი “ეს ცვლილებები ნაწილობრივ ეხმიანება ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. თუმცა, ოდირის რამდენიმე რეკომენდაცია გაუთვალისწინებელი რჩება”.

“მათ შორისაა ხმის უფლების შეზღუდვასთან, საარჩევნო დავის გადაწყვეტასთან და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ მისაღებ ზომებთან [დაკავშირებული რეკომენდაციები”, — დასძენს ორგანიზაცია.

ამავე ანგარიშში საუბარია საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასა და ცესკოს თავმჯდომარის, ასევე, ორი უპარტიო წევრის არჩევის პროცესზეც:

“ცესკოს ახალი თავმჯდომარე და ორი უპარტიო წევრი პარლამენტმა აირჩია 2 აგვისტოს, უბრალო უმრავლესობით, „ჩიხის საწინააღმდეგო პრინციპით“, კვალიფიციური უმრავლესობის მიღწევის სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ.

ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას, რამდენიმე პირმა გამოხატა სხვადასხვა ხარისხის ნდობა ცესკოს მიუკერძოებლობის მიმართ და განაცხადა, რომ „ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმის“ გამოყენება იყო კონსენსუსზე დაფუძნებული საარჩევნო ადმინისტრაციის შესაძლებლობის გამოტოვება;

სხვებმა აღნიშნეს, რომ პლურალისტურმა შემადგენლობამ ხელი შეუწყო არსებით დისკუსიებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომებზე. დღეისათვის, საარჩევნო ადმინისტრაციამ შეასრულა ყველა კანონიერი ვადა და მიმდინარეობს ტექნიკური მზადება”.

ანგარიშის მიხედვით, სადამკვირვებლო მისიის რესპონდენტთა უმრავლესობას არ გამოუთქვამს შეშფოთება ამომრჩეველთა სიის სიზუსტესთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, “ოდირმა მიიღო რამდენიმე შეტყობინება კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ, რათა მათ კანდიდატურები მოეხსნათ”.

ორგანიზაცია დასძენს, რომ უმრავლეს შემთხვევაში, არ გამოთქმულა შეშფოთება წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმოების კონტექსტში. მეორე მხრივ, ეუთო/ოდირი-ს ზოგიერთი რესპონდენტი პოლიტიკურ ლანდშაფტს აღწერს, როგორც უაღრესად პოლარიზებულს, აგრესიული დისკურსითა და დეზინფორმაციასთან დაკავშირებული ბრალდებებით.

“ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა, რომელთაც ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები შეხვდნენ, აცხადებს, რომ არსებული პოლიტიკური გარემო არათანაბარზომიერად ანიჭებს უპირატესობას მმართველ პარტიას, მათ შორის, კამპანიის შემოწირულობების კუთხით.

[პარტიებმა] გამოხატეს შეშფოთება, რომ მთავრობის მიერ ბოლო დროს დაწყებულმა სოციალურმა და ეკონომიკურმა პროექტებმა კიდევ უფრო გაართულა [ეს] საკითხი.

მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს არჩევნების დანიშვნის შემდეგ სოციალური და ეკონომიკური პროექტების დაწყებას, მთავრობა ამტკიცებს, რომ პროექტები არჩევნების დანიშვნამდე დაიწყო”, — ვკითხულობთ ანგარიშში.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი