ახალი ამბები

“იმედმა” ენმ-სა და ევსაქების მიმართ კანონი დაარღვია — კომუნიკაციების კომისია

17 სექტემბერი, 2021 • 928
“იმედმა” ენმ-სა და ევსაქების მიმართ კანონი დაარღვია — კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია “იმედის” მიმართ პოლიტიკური გაერთიანებების — „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ — საჩივრები დააკმაყოფილა და „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ დარღვევისთვის მაუწყებელს ორი სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედის“ წინააღმდეგ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი 12 სექტემბერსაც დააკმაყოფილა და მაუწყებელს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა სასამართლომ კომუნიკაციების კომისიის პოზიცია გაიზიარა და მაუწყებელი 5 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების მიუხედავად, “იმედმა” ეთერში “ევროპული საქართველოს” მეორე პოლიტიკური რეკლამაც არ გაუშვა და პარტიამ კომუნიკაციების კომისიას მიმართა.

კომისიის ცნობით, „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილი უფასო წინასაარჩევნო რეკლამა ტელეკომპანიამ ეთერში სიძულვილის ენის ტირაჟირების მიზეზით არ განათავსა. „ტელეიმედი“ აღნიშნავს, რომ წარდგენილი ვიდეორგოლი შეიცავს შეურაცხყოფისა და დაცინვის შემცველ ტექსტს, მისი შინაარსი კი არაეთიკური და არაკეთილსინდისიერია, რაც წარმოადგენს არასათანადო რეკლამას, რომლის განთავსებაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ უფასო პოლიტიკურ რეკლამას, ტელეკომპანიის განცხადებით, მათ ეთერში ვერ განთავსდება ვიდეორგოლი, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, აქეზებს და ახალისებს დანაშაულს, ასევე მიმართულია არეულობის და ანტისოციალური ქმედების გამოწვევისაკენ.

კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ წარდგენილი პოლიტიკური რეკლამები უზენაესი სასამართლოს მიერ პოლიტიკური რეკლამისთვის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შეისწავლა და დაადგინა, რომ რეკლამების შინაარსი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს, რომლებიც ასახულია შესაბამის კანონმდებლობაში.

სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით, პოლიტიკური რეკლამა ხელს არ უნდა უწყობდეს შუღლის გაღვივებას, არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ხელისუფლების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ მოწოდებას, რელიგიური ან ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას, პორნოგრაფიას, უხამსობას, რომელიც ლახავს ადამიანის ღირსებას და ძირითად უფლებებს.

კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით იხელმძღვანელა და მიიჩნია, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ ორივე შემთხვევაში საარჩევნო კოდექსი დაარღვია. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა პოლიტიკური გაერთიანებების საჩივრები და მიიღო გადაწყვეტილება „ტელეიმედის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენის შესახებ.

სამართალდარღვევის ოქმები განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი