ახალი ამბები

არასამთავრობოები ნამახვანჰესზე მედიაციის პროცესში რჩებიან

17 სექტემბერი, 2021 • 1867
არასამთავრობოები ნამახვანჰესზე მედიაციის პროცესში რჩებიან

„რიონის ხეობის მცველების“ მიერ მედიაციის პროცესის დატოვების შემდეგ,  არასამთავრობო ორგანიზაციები მედიაციაში მონაწილეობას აგრძელებენ.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ შექმნილი მოძრაობა, „რიონის ხეობის მცველები“ ეთიშება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამდგომლობით მიმდინარე მედიაციის პროცესს.

„რიონის ხეობის მცველებმა“ ეს გადაწყვეტილება 17 სექტემბერს ფეისბუკ-პოსტით გამოაცხადეს. მოძრაობა აცხადებს, რომ ჰესის წინააღმდეგ პროტესტი გაგრძელდება.

არასამთავრობოების პოზიცია

მედიაციის პროცესში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პროცესში მონაწილეობას აგრძელებს.

როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (ყოფილი EMC-ის) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, თათული ჭუბაბრია ამბობს, „რიონის ხეობის მცველების“ ეს გადაწყვეტილება სავსებით გასაგებია, რადგან:

„ენერგოგაერთიანების ჩართვამ ვერ უზრუნველყო, რომ მთავრობას მოსახლოების ის მთავარი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა, რაც ხეობაში ვითარების დეესკალაციას შეუწყობდა ხელს“.

მისი განმარტებით, აქ გულისხმობს ხეობაში გადაადგილების თავისუფლების აღდეგნისა და მშენებლობის შეჩერების მოთხოვნებს.

„თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ ენერგოგაერთიანებასთან გამართულ შეხვედრებში მონაწილეობას, რადგან იქ ახლა დამოუკიდებელი შეფასებების ორგანიზების საკითხი წყდება“, – განუცხადა თათული ჭუბაბრიამ „ნეტგაზეთს“.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამ შეხვედრების მიღწევა იყო ის, რომ ენერგოგაერთიანება ნამახვანის ხელშეკრულებას არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეთანხმებული სამუშაო დავალებით (ToR) შეაფასებს; ასევე, მიღწევა იყო ის, რომ 2015 და 2020 წლების გზშ გადაწყვეტილებების შეფასების დავალება (ToR) ასევე შეთანხმებულია ჩვენს მხარესთან და ეს დოკუმენტები უნდა შეფასდეს კვალიფიციური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ“, – აცხადებს ის.

მედიაციის პროცესში ასევე რჩება „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“.

„ყველას თავისი გზა და ამოცანა აქვს. ჩვენ გვსურს, ექსპერტიზა სერიოზულად ჩატარდეს. მათ თავიანთი პოზიციები აქვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთიანად არ ვმუშაობთ, რომ გაკეთდეს საუკეთესო“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ ნინო ჩხობაძემ, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარემ.

„ნეტგაზეთი“ ასევე დაუკავშირდა ეკონომიკის სამინისტროს ამ თემაზე კომენტარის მისაღებად.

უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

რა არგუმენტები აქვს მოძრაობას

„რიონის ხეობის მცველების“ თანახმად, მოძრაობის მხარდამჭერების აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლებასთან რაიმე სახის დიალოგს ყოველთვის ეჭვქვეშ აყენებდა და არც ამ მედიაციის მიმართ ჰქონია დიდი მოლოდინი.

„ხანგრძილივი, მშვიდობიანი და კონსტრუქციული პროტესტით ჩვენ შევძელით დაგვერწმუნებინა საზოგადოება, რომ აუცილებელია გამოვიყენოთ ყველა ცივილიზებული ფორმა, ყველა არსებული ტრიბუნა სამართლიანობის დასადგენად, ამასთანავე, მივცეთ საშუალება ხელისუფალსაც, იყოს სამართლიანი“, – წერს მოძრაობა.

თუმცა „მცველები“ ასევე ამბობენ, რომ მედიატორი, – ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელი დირკ ბუშლე, – იხრება საკითხის მხოლოდ ფორმალური გადაწყვეტისკენ:

„ნამოხვანის პროცესში ევროკავშირის სტრუქტურის ჩართვა უდავოდ აჩენს ნდობის ნაპერწკალს, მაგრამ ეს ნდობა უპირობო ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მძიმეა ის, რომ ხელისუფლების მიმართ ნდობა არ არსებობს, მაგრამ ასევე მძიმეა ისიც, რომ მედიატორი იხრება საკითხის ისეთი ფორმალური და ტექნიკური გადაწყვეტისკენ, რითაც მხოლოდ სახელისუფლებო ჯგუფია დაინტერესებული“.

„რიონის ხეობის მცველების“ ვრცელი არგუმენტები ასეთია:

 

„რიონის ხეობის მცველები“ მედიაციას ეთიშებიან – „პროტესტი გრძელდება“

მასალების გადაბეჭდვის წესი