ახალი ამბები

პუტინის თქმით, კრემლში მისი გარემოცვის ათობით წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

16 სექტემბერი, 2021 • 900
პუტინის თქმით, კრემლში მისი გარემოცვის ათობით წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კრემლში მის ახლო გარემოცვაში ათობით პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მიმდინარე კვირის დასაწყისში რუსეთის 68 წლის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თვითიზოლაციაში გადავიდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი გარემოცვის წევრებში კორონავირუსი გავრცელდა:

“კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა ჩემს ახლო გარემოცვაში. საუბარია არა ერთ და ორ, არამედ ათობით ადამიანზე”, — თქვა რუსეთის პრეზიდენტმა უსაფრთხოების ალიანსის ონლაინ შეხვედრაზე, რომელსაც მოსკოვი უძღვებოდა.

გამოცემა წერს, რომ პუტინი კოლექტიური თავდაცვის შეთანხმების შეხვედრას პირადად უნდა დასწრებოდა ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში, თუმცა თვითიზოლაციის გამო დისტანციურად ჩაერთო.

ცნობები კრემლში ეპიდაფეთქების შესახებ ქვეყანაში სამდღიანი საპარლამენტო არჩევნების გადადებამდე ერთი დღით ადრე გავრცელდა. კრემლის განცხადებით, არჩევნების გადადების მიზეზი ვირუსის გავრცელების თავიდან არიდებაა.

The Guardian წერს, რომ შესაბამისი უწყებები ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებიდან დიდი ძალისხმევით მუშაობდნენ პუტინისთვის ვირუსის გადადების თავიდან ასაცილებლად. კრემლის განცხადებით, პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინით, Sputnik V-ით არის აცრილი.

გამოცემა წერს, რომ მანამ, სანამ პუტინს შეხვდებოდნენ, სახელმწიფო მოხელეები და ჟურნალისტები თვითიზოლაციას გადიოდნენ. ამ კვირაში კი ვლადიმერ პუტინი სირიის პრეზიდენტს, შაშარ ალ ასადს და იმ სპორტსმენებს შეხვდა, რომლებიც ტოკიოს პარაოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნდნენ.

აღნიშნული შეხვედრები პუტინის იზოლაციაში გადასვლამდე ერთი დღით ადრე შედგა.

როგორც გამოცემა წერს, კორონავირუსის დაფიქსირებული შემთხვევების სიმრავლით რუსეთი  მსოფლიოში მეხუთეა. ეს იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია ფართოდაა ხელმისაწვდომი.

ბოლო ცნობებით, ქვეყანაში 7 მილიონზე მეტი კოვიდ შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 195 041-ს აჭარბებს, რაც ყველაზე მაღალია ევროპაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი