ახალი ამბები

მითოსი და ტექნოლოგია „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ზღაპრის დღეებზე

16 სექტემბერი, 2021 • 1116
მითოსი და ტექნოლოგია „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ზღაპრის დღეებზე

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ახალ სასწავლო წელს, ახალი პროექტებითა და ღონისძიებებით იწყებს. 18-19 სექტემბერს, დედაენის ბაღში, სკოლის თემატიკის ორდღიანი ფლიმარკეტი გაიმართება, სადაც მხატვრული ლიტერატურის გარდა, სასკოლო ნივთებსაც შეიძენთ. 16 სექტემბრიდან კი, სტარტს ზღაპრის ფესტივალი აიღებს, რომელსაც, ათი დღის განმავლობაში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი უმასპინძლებს.

ფესტივალის მიზანი საბავშვო ლიტერატურის, ზღაპრებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების პოპულარიზაციაა.

ზღაპრის დღეები ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ილუსტრატორ გიორგი ჯინჭარაძის მიერ „ამირანის“ თემაზე შექმნილი პროექტის გამოფენას დაეთმობა.

მეორე ნაწილი კი, AR (Augmented reality – დამატებითი რეალობა) აპლიკაციის პრეზენტაცია გახლავთ. ამ აპლიკაციის მეშვეობით, ნებისმიერს შეეძლება, ქალღმერთი დალი, ქაჯი, დევი თუ ირმისა, საკუთარ ოთახში, ქუჩაში თუ მეგობრების წრეში გააჩინოს. პერსონაჟების ავტორები არიან ანკა ბოჭორიშვილი, ვარლამ ჯმუხაძე, კვაჭი, სოფო კირთაძე, ხატია ჩიტორელიძე და ანუკ ბელუგა.

როგორც ღონისძიების ავტორი, მარიამ ნატროშვილი ამბობს, გამოფენის მონაწილე მხატვრებმა, ყველა პერსონაჟი ქართულ ფოლკლორსა და მითებზე დაყრდნობით შეიქმნეს:

„ჩემთვის ძალიან საინტერესოა თანამედროვე ხელოვნების, ტექნოლოგიებისა და ლეგენდების გადაკვეთა. საოცარია, როგორ ახერხებენ მხატვრები ძველი ცოდნის რეპრეზენტაციას. ამიტომ, ყველა პროექტის განხორციელებისას, ვცდილობ, ტექნოლოგიები ხელოვნების ჩვენების ახალი ფორმებისთვის გამოვიყენო.

AR გაფართოებული რეალობის აპლიკაციაა. ეს, ერთგვარად, ზღაპრული მოცემულობაა, რომელიც წარმოუდგენელის გაკეთების შესაძლებლობასაც გაძლევს. უძველესი წარმოდგენებისა და უახლესი ტექნოლოგიების სინთეზმა, მართლაც შეიძლება, საინტერესო შედეგი მოგვცეს.

აპლიკაცია საშუალებას გაძლევს, მხატვრების მიერ შექმნილი ზღაპრული  პერსონაჟები, სასურველ ადგილას გააჩინო: საკუთარ მანქანაში, მისაღებში, სამზარეულოში და ა.შ.

აპლიკაცია, სწორედ, ამის საშუალებას იძლევა“, – ამბობს მარიამ ნატროშვილი.

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტების კოორდინატორი, თამარ თოფურიძე, მულტიმედიური გამომსახველობითი საშუალებებისა და ზღაპრების სინთეზის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტების კოორდინატორი, თამარ თოფურიძე.

„ეს ორი დიდი სამყარო – მულტიმედია და ტრადიციული მითოპოეტური აზროვნება, ერთ აპლიკაციაში ერთიანდება და გამოფენის სტუმრების წინაშე სრულიად ახლებური სანახაობა გადაიშლება. გამოფენა 16-დან 26 სექტემბრამდე გაგრძელდება, თუმცა აპლიკაცია დარჩება და, მეტიც, განვითარდება და სხვა მხატვრების ნამუშვრებითაც შეივსება.

სტერეოტიპია, რომ ზღაპრები, მითოლოგია თუ თამაშები, მხოლოდ კონკრეტული ასაკობრივი კატეგორიისთვისა განკუთვნილი. ეს არ არის მხოლოდ ბავშვებისთვის საინტერესო პროექტი. ზღაპრის დღეების გამოფენა ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებლისთვისაა, ვისაც ზღაპრული სამყარო, მითოლოგია, ფოლკლორი და თანამედროვე მედიის შესაძლებლობები აინტერესებს“, – ამბობს თამარ თოფურიძე.

თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი

მასალების გადაბეჭდვის წესი