ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ოცნებას” არჩევნებამდეც აღარ ვახსენდებით – 2008 წლის აგვისტოს ომის დევნილები კოდაში

26 აგვისტო, 2021 •
“ოცნებას” არჩევნებამდეც აღარ ვახსენდებით – 2008 წლის აგვისტოს ომის დევნილები კოდაში

500-მდე დევნილი ოჯახი, რომელიც  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში სპეციალურად მათთვის გამოყოფილ დასახლებაში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხოვრობენ, წყლის გარეშე არიან დარჩენილი.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, დასახლებას წყლის პრობლემა წლების განმავლობაში ჰქონდა, თუმცა, უკანანსკნელი ერთი თვეა, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა.

“რაღაც საქაჩი მოტორის პრობლემააო, მაგრამ ჩვენ რა უნდა ვქნათ, არავინაა პატრონი. წინა ხელისუფლების დროს, არჩევნებამდე მოდიოდნენ მაინც, გვეკითხებოდნენ, რა გვჭირდებოდა, ახლა ესეც არ ხდება”, – გვეუბნება ადგილობრივი მცხოვრები.

წყლის დეფიციტი დასახლებაში განსაკუთრებით აისახება დევნილი ქალების შრომაზე.

“მე არ მყავს მანქანა, რომ წავიდე რომელიმე სხვა სოფელში და იქიდან მოვიტანო წყალი. ჩემი ქმარი მძიმე ავადმყოფია, იმ დღეს ტანზე საპნით დამრჩა ბანაობისას, კიდევ კარგი, ბოთლებში მქონდა ცოტა შეგროვებული და გადავავლე”, – გვეუბნება პენსიონერი დევნილი ქალი.

იმის მიუხედავად, რონ წყლის პრობლემა ყველა ოჯახისთვის მნიშვნელოვანია, დევნილები საჯაროდ ერიდებიან პრობლემაზე საუბარს, მით უმეტეს, ხელისუფლების დადანაშაულებას. უმრავლესობის არგუმენტი ის არის, რომ შიშობენ, “პრობლემა არ შეუქმნან” საჯარო სამსახურში დასაქმებულ რომელიმე ოჯახს წევრს.

მასალების გადაბეჭდვის წესი