ახალი ამბები

“მთავარი არხის” ოპერატორი არ გადმოუგდიათ, გადმოვარდა – მდინარაძე

15 სექტემბერი, 2021 •
“მთავარი არხის” ოპერატორი არ გადმოუგდიათ, გადმოვარდა – მდინარაძე

“ქართული ოცნების” წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქარელში “მთავარი არხის” ოპერატორი ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან არ გადმოუგდიათ, არამედ თავად “წამოედო მოაჯირს და გადმოვარდა”.

“ბექა ყორშია და მისი ოპერატორი მივიდნენ ქარელის შტაბში. ბექა ყორშია ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას მათი მოგონილი სიუჟეტების მიხედვით, კითხულობდა “ჩლიქოსანს”, იგი ასე მოიხსენიებდა ჩვენი მერობის კანდიდატს.

მას შემდეგ, რაც იგი გამოაძევეს შტაბიდან, და მართლაც იყო გარკვეული სიტყვიერი კამათი და დაპირისპირება ჩვენს შტაბის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტს შორის, უკანა სვლით, მთავარი არხის ოპერატორი ტოვებდა [ოფისის ტერიტორიას], რა დროსაც ტერასაზე, კიბის ბაქანზე არის დაბალი მოაჯირი, წამოედო ამ მოაჯირს და გადავარდა და დაეცა კიბის მაღალ საფეხურებზე”, – განაცხადა მამუკა კობახიძემ.

“მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ფიზიკური შეხება ოპერატორსა და ჩვენი შტაბის წევრებს შორის არ ყოფილა. ნიკა გვარამიამ იცრუა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მანამდე “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ არხის ოპერატორი ლევან აბლოთია ქარელში ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან გადააგდეს.

ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი