საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, მათ შორის, შშმ პირთა შორის გამარჯვებულები, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტოკიო 2020-ის გამარჯვებულებსა და პრიზიორებსაც შეეხებათ.
“მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო გამოხატავს მათდამი უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას, რადგან მათი შრომით მიღწეული უდიდესი გამარჯვებები ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია.
ხაზგასასმელია, რომ როგორც სპორტსმენისთვის, ასევე გულშემატკივრისთვის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებას, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სახელის გატანასა და ღირსების დაცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მიზნის მიღწევა თითოეული სპორტსმენისგან უდიდეს ფიზიკურ შრომასა და ძალისხმევას, მრავალსაათიან, დამღლელ ვარჯიშსა და სრულ კონცენტრაციას მოითხოვს. მათი თავდაუზოგავი შრომა ქვეყნის სასახელოდ, გულშემატკივრებისთვის უდიდესი სიხარულის მომტანი და დასაფასებელია”, – ნათქვამია სამინსიტროს განცხადებაში.
განცხადების თანახმად, სწავლის გასაგრძელებლად მსურველებმა განათლების სამინისტროს უნდა მიმართონ განცხადებით და თან დაურთონ შემდეგი დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ატესტატი, გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ასლი და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე.