კომპანია “ცენტრ პოინტის” მიერ დაზარალებული მოქალაქეებისთვის ბინების მშენებლობის დასრულების შესახებ თბილისის მერიასა და საინვესტიციო და სარემონტო ობიექტების შემსრულებელ კომპანიებს შორის მემორანდუმი დღეს, 15 სექტემბერს გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კომპანიების — “სი-ემ-სი”, “მეტა”, “ნექსთ დორი”, “იქს მშენი”, “არქი დეველოპმენტი” — წარმომადგენლებმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.
“მინდა სიხარულით და სიამაყით გაუწყოთ, რომ “ცენტრ პონტის” პრობლემა მოგვარებულია. ყველა დაზარალებული ოჯახი, დაზარალებული ადამიანი მიიღებს საკუთარ ფართს. ყველა ობიექტეისთვის გამონახულია გადაწყვეტის გზები, ყველგან მიმდინარეობს სარემონტო, სამშენებლო და სანებართვო პროცედურები. ჩვენ, თბილისის მერია ვართ იმის გარანტი, რომ ყველა ობიექტი ჩაბარდება მაღალი ხარისხით და, რა თქმა უნდა, დათქმულ ვადებში”, — განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის თქმით, თითოეული ობიექტის დასრულების ვადა სწორედ დღეს გაფორმებული მემორანდუმით იქნება განსაზღვრული. ამასთან, ელოშვილის განცხადებით, “ცენტრ პოინტის” დაზარალებულების პრობლემა დასრულებულია და ახლა იწყება იმპლემენტაციის ფაზა, რომლის მონიტორინგს მერია საკუთარ თავზე იღებს.
ბინების დასრულება იგეგმება თბილისის სხვადასხვა ქუჩზე, მათ შორის ბოხუას, კოსმონავტების, ა. ბაქრაძის, შარტავას და გურამიშვილის ქუჩებზე, ასევე, დიდ დიღომში, ტელევიზორების ქარხნის მიმდებარედ.
