ახალი ამბები

ივანიშვილს ყოველთვის აღიზიანებდა ქართული ეკლესია, მოწმე ვარ — სააკაშვილი

14 სექტემბერი, 2021 • 1532
ივანიშვილს ყოველთვის აღიზიანებდა ქართული ეკლესია, მოწმე ვარ — სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, სუს-იდან გამოჟონილ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ გადასარჩენია ქართული ეკლესია და “ტრადიციული ფასეულობები”.

“ამ ყველაფერს ჰყავს ერთი პასუხისმგებელი, ერთი დამვალებელი და ერთი გამკეთებელი – ეს არის ივანიშვილი. ივანიშვილის ამოცანა არის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის განადგურება. მან პრაქტიკულად გაანადგურა პარლამენტი ქუთაისში, მთლიანად მოსპო ადგილობრივი თვითმმართველობა, შეეცადა ქართული მედიის განადგურებას — ჯერჯერობით არ გამოუვიდა.

მას ყოველთვის ძალიან აღიზიანებდა ქართული ეკლესია, ყოველთვის იყო პატრიარქის პირადი მტერი, მე ამის მოწმე ვარ არაერთხელ. ზუსტად ვიცი, აქედან წამოვიდა ის უამრავი პროვოკაცია, სიბინძურე, ჭორების გავრცელება, სისხლის სამართლის საქმეები, ახლა კომპრომატის შეგროვება პირად ცხოვრებაზე და ათასგვარი უბედურება”, — აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილი, რომლის მმართველობის დროინდელ ტოტალური უკანონო თვალთვალის პრაქტიკას ადასტურებს ათობით ათასი ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერი, აცხადებს, რომ მისი ხელისუფლების დროს ფარული ჩანაწერების მასობრივად შეგროვება არ ხდებოდა.

“იმ ხალხს, ვინც იძახის, რომ „ივანიშვილი იმას აკეთებს, რასაც წინა ხელისუფლება” აკეთებდა, ან ამბობენ, “ისინი იმიტომ გავაგდეთ, რომ ამას აკეთებდნენ და ამათაც იგივე უნდა ეკეთებინათო”, მინდა შეგახსენოთ, თუ სკლეროზი არ გაწუხებთ, ერთი შემთხვევა მაინც ვინმეს ახსოვს, როდესაც ჩემს დროს გამოსულიყო ვინმეს პირადი ცხოვრების შემცველი მასალები. ვიღაც ცალკე ნაძირალა რაღაცას აკეთებდა, ნამდვილად არ ვიცი. რამე რომ გამეგო, ნამდვილად ძალიან დავსჯიდი. მაგრამ ვინმეს გაუგია, რომ მასობრივად ამის შეგროვება ხდებოდა? ეს იყო ჭორები და ახლა ეს არის რეალობა”,  — აცხადებს სააკაშვილი.

მისი თქმით, ერთადერთი გზა ახლა არის, “ერიც და ბერიც დადგეს ერთად და გადაარჩინოს საქართველო, ქართული ტრადიციული ფასეულობები, ეკლესია და ბავშვების მომავალი”.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გავრცელდა ე.წ. ციხის კადრები, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ასახავდა. წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დამადასტურებელი, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები აღმოჩნდა სამეგრელოს საცავებში და შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უკანონო მიყურადების და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2014 წელს უკანონოდ განხორციელებული ფარული აუდიო და ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებული 30 ათასამდე ჩანაწერი გაანადგურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი