ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რა უნდა გააკეთოს ქართულმა მხარემ გალში ქართული ენის შესანარჩუნებლად | ნანუაშვილი

29 ივლისი, 2021 • 5710
რა უნდა გააკეთოს ქართულმა მხარემ გალში ქართული ენის შესანარჩუნებლად | ნანუაშვილი

ახალი სასწავლო წლიდან გალის რაიონის სკოლებში სწავლება მთლიანად რუსულ ენაზე გადავიდა. რა პროცესები უძღოდა წინ ქართულად სწავლების გაუქმებას და რა შესაძლო შედეგები ექნება ამას, საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი და ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის [DRI] ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი გვესაუბრება.


ის, რომ ახალი სასწავლო წლიდან ქართულად სწავლება საერთოდ შეწყდა გალის სკოლებში, ქართულ საზოგადოებაში აფხაზურ-რუსული პოლიტიკის გამო მორიგი გაბრაზების მიზეზი გახდა. თუმცა ისიც ვიცით, რომ ამ ფაქტის საფუძველი ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა. ამ საკითხებზე თქვენც არაერთხელ გისაუბრიათ. რა პროცესები უძღოდა წინ გალის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების სრულად შეწყვეტას? 

აქ, პრინციპში, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დეტალურად განვიხილოთ, იქამდე რა მოხდა. ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი, რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. 

ზოგადად, აფხაზეთში ქართული ენა პირველად, სწორედ ტყვარჩელსა და ოჩამჩირის რაიონებში შემავალი სოფლების სკოლებში აიკრძალა. ეს ჯერ კიდევ ომის დასრულდებიდან ძალიან მალე მოხდა. იმის მიუხედავად, რომ იქ უმრავლესობა ქართულენოვანი მოსახლეობაა [უფრო მეტიც, ვიდრე სხვა ეთნიკური ჯგუფები], ქართული ენა მაინც განიდევნა.

შემდგომი პროცესი უკვე გალის რაიონის ზედა ზონის სკოლებში განხორციელდა. ეს პროცესიც ადრე დაიწყო, თუმცა მისი ბოლო ეტაპი 2015 წელს  დასრულდა. 2015 წლის სექტემბრიდან გალის რაიონის ქვედა ზონის დარჩენილ ქართულენოვან საშუალო სკოლებში [იმ დროისთვისაც და ამჟამად 11 სკოლა] პირველ კლასში სწავლება დაიწყო რუსულ ენაზე. შეიძლება ითქვას, რომ რუსიფიკაციის პროცესიც სწორედ აქედან იღებს სათავეს. ეს ნიშნავდა იმას, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მთლიანად სწავლება გადავიდოდა რუსულ ენაზე, მას შემდეგ, რაც უფროსი კლასები, სადაც ქართულ ენაზე მიმდინარეობდა სწავლება, დაასრულებდნენ სკოლას და შემდეგ უკვე თანდათანობით მოხდებოდა ქართული ენის განდევნაც. 

და აი, უკვე მივედით ამ ბოლო ეტაპამდე, როდესაც დაასრულეს მოსწავლეებმა ქართულ ენაზე სწავლება და, შესაბამისად, ქვედა ზონის უკვე ყველა სკოლაში სრულად რუსულ ენაზე გადავიდა სწავლების პროცესი. 

ამ სკოლებში, უფროსი კლასების შემთხვევაში, სასწავლო პროცესი აქამდე მთლიანად ქართულ ენაზე მიმდინარეობდა? 

დიახ, ყველა საგნის სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ამჟამად ქართული ენა ისწავლება როგორც ერთ-ერთი საგანი.  ფაქტიურად, სკოლებში რუსიფიკაციის დაწყების პროცესი ამით დასრულდა. 

ეს პრობლემა იყო თავის დროზეც და ამაზე არაერთი გამოხმაურება თუ ანგარიშიც გამოგვიქვეყნებია.

ცალკე პრობლემაა მასწავლებლები – არამხოლოდ მოსწავლეებს, მასწავლებლებსაც უჭირდათ რუსულ ენაზე გაკვეთილების ჩატარება. 

წლების განმავლობაში ქართულენოვანი მასწავლებლების პროცესიდან გამოდევნაც მოხდა, ალბათ. თუ გაქვთ ინფორმაცია, ახლა რა სიტუაციაა ამ მხრივ?

გალში ხდებოდა მასწავლებლების გადამზადება, მათთვის ტრენინგ-სემინარები. შესაბამისად, პედაგოგების ნაწილმა გააგრძელა მუშაობა სკოლაში, თუმცა, იმის გამო, რომ ქართული ენა აღარ ისწავლება შესაბამისი დოზით, სხვა საგნებზე მოთხოვნა უფრო მეტად გაჩნდა. 

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა კატასტროფული გავლენა იქონია განათლების ხარისხზე. რეალურად ძალიან ბევრ მოსწავლეს და მასწავლებელს გაუჭირდა უცხო ენაზე ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა. ეს პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა, ჩემი აზრით.

ძალიან სამწუხაროა ის, რომ ქართულ მხარეს არ შეუთავაზებია გალელებისთვის რაიმე კომპლექსური პროგრამა ამ დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირებისთვის. 

რას გულისხმობთ, რა შეეძლო გაეკეთებინა სახელმწიფოს და არ გააკეთა? 

ჯერ კიდევ პანდემიამდე იყო შესაძლებელი სკოლის გარეთ ქართულად სწავლების ტრენინგ პროგრამების მომზადება. ამაზე მუშაობას ვითხოვდით  ჩვენც. იგივე ზაფხულის პერიოდში ამ დანაკლისის შევსება და კომპლექსური მხარდაჭერა უნდა მომხდარიყო სახელმწიფოს დონეზე. 

გალში ქართული ენა უკვე იკარგება ფაქტიურად, ოჯახებში საუბრობენ მეგრულად. სკოლა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, სადაც ქართულ ენას სწავლობდნენ. ამიტომაც ვამბობ, რომ იქ დამატებით არის აუცილებელი ქართული ენის შენარჩუნებისთვის მუშაობა. ბევრი მეთოდი არსებობს ონლაინსწავლების, რომლის გამოყენებაც არ ხდება. მით უმეტეს, აქამდე ისედაც მცირდებოდა ქვედა ზონაში ქართული საათების რაოდენობა.

რუსიფიკაცია გალის სკოლებში, საბოლოო ჯამში, რას მოუტანს ადგილობრივ საზოგადოებას? 

ეს არ არის ერთი კონკრეტული პრობლემა. გალის მიმართულებით კომპლექსური რუსიფიკაციაა. მათ შორის რბილი ძალის გამოყენებაც ხდება რუსეთის მხრიდან. ამ პროცესების პარალელურად ვერ ვხედავთ საქართველოს სახელმწიფოს მკვეთრ პოლიტიკას და ამ პროცესის შეკავების ძალისხმევას. 

ნელ – ნელა მთლიანად მივიღებთ გალის ინტეგრაციას აფხაზეთში, რაც, ერთი მხრივ, დადებითია, იმიტომ, რომ ამას რაღააც ბენეფიტებიც შეიძლება ჰქონდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, პრობლემურია იმავე აბიტურიენტების რუსეთში გადასვლა. რუსეთი ცდილობს გალელებს ჩართვას რუსულ საგანმანათლებლო სივრცეში. 

გალიდან მიდიან აბიტურიენტები რუსეთში? 

რა თქმა უნდა, ეს პროცესი ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა. არაერთი ვიზიტი განხორციელდა გალში, მათ შორის, რუსეთის საგანმანათლებლო ინსტიტუტების წარმომადგენლების. მიზანი ის იყო, რომ რაღაცნარად შეეცვალათ გალელების განწყობები იმ კუთხით, რომ მათ არა თბილისისკენ, ქუთაისისკენ, ბათუმისკენ ან ზუგდიდისკენ გაეხადათ, არამედ რუსეთისკენ. ამ პოლიტიკას უკვე შედეგიც აქვს. თუკი, მაგალითად, 5 წლის წინ ყველა აბიტურიენტი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე განაგრძობდა სწავლას, ეს პროპორციები დღეს დარღვეულია. აბიტურიენტების ნახევარი ცდილობს ან სოხუმში წავიდეს, ან ისარგებლოს რუსეთის მიერ შეთავაზებული ბენეფიტებით. ეს შეთავაზებები არ არის ერთჯერადი. ამასთან, ძალიან ბევრი გალელიც და აფხაზიც ცდილობს რუსეთშივე დარჩეს და აღარ დაბრუნდეს უკან. 

ამავე დროს, თბილისიც ხომ სთავაზობს გალელ აბიტურიენტებს უგამოცდოდ ჩარიცხვას და უფასო სწავლებას? თან, სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ყოველწლიურად ჩარიცხული გალელი აბიტურიენტების რიცხვი მზარდია. 

მხოლოდ უფასო სწავლება არ არის რეალურად ის შეთავაზება, რომელიც უნდა შესთავაზოს ხელისუფლებამ. იგივე რუსეთი არა მხოლოდ უფასო სწავლებას სთავაზობს მათ, არამედ საცხოვრებლითა და კვების ხარჯებისს უზრუნველყოფასაც, რათა სტუდენტებს სოციალური ტიპის პრობლემები არ შეექმნათ. ეს, ჩემი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია, რამდენადაც სოციალური კუთხით თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე ამ ადამიანებს პრობლემები ექმნებათ.

მეორე მხრივ, შემდეგი დასაქმების პერსპექტივა ნაკლებია საქართველოში მათთვის, ხელშეწყობა არც საჯარო და არც კერძო სექტორიდან არ აქვთ გალელებს. ამ მდგომარეობას რუსეთი, რა თქმა უნდა, სათავისოდ იყენებს და ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე კონკრეტული შედეგებიც აქვს. 

უჩა ნანუაშვილი

აფხაზეთში წინა ადგილობრივი ხელისუფლების დროს, გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია გალის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების არამიზანშეწონილობაზე და იმაზე საუბრობდა მუდამ, რომ აფხაზეთს არანაირი ვალდებულება არ აქვს, ქართულ ენაზე შესთავაზოს მის მოსახლეობას სწავლა და ის, რომ აქამდეც ქართულად სწავლობდნენ, ეს ხელისუფლების კეთილი ნება იყო. თუმცა მას შემდეგ აფხაზეთში შეიცვალა ხელისუფლება. მათ მიდგომებში, კონკრეტულად გალში სწავლების მიმართულებით თქვენ რაიმე ცვლილებას ხედავთ? 

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მიდგომები შეიცვალა, ცდილობენ ხელი არ შეუშალონ იმ აბიტურიენტებს, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე ისწავლონ, და რაღაც კუთხით ახალი ადმინისტრაცია უფრო ლიბერალურ მიდგომას იჩენს, მაგრამ განათლებაში დაწყებული პოლიტიკის კურსი გრძელდება.

საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, მაინც ქართული პოლიტიკა უნდა აღუდგეს ამას წინ. უფრო სრულფასოვანი უნდა გახდეს. იგივე უფასო სწავლების კომპონენტი ფრაგმენტული დახმარების ხასიათს ატარებს და არა კომპლექსურს. ესაა პრობლემა. რაღაც ნაწილს შეიძლება ვეხმარებით, მაგრამ ეს არ არის სრულყოფილი დახმარება. თუნდაც იქ დარჩენილი მასწავლებლების მიმართულებით რას ვაკეთებთ. მოხდეს დაფინანსება და დახმარება, რომ თუნდაც არაფორმალურად გააგრძელონ მუშაობა, სკოლის გარეთ. 

სკოლის მოსწავლეები გალში; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი. 2017 წელი

მასალების გადაბეჭდვის წესი