ახალი ამბები

დაპირებები, რომლებიც (არ) შეასრულა კალაძემ

17 სექტემბერი, 2021 • 6360
დაპირებები, რომლებიც (არ) შეასრულა კალაძემ

კახა კალაძეს, რომელსაც თბილისის მერობა კიდევ 4 წლით სურს, საარჩევნო პროგრამა ერთიანი სახით ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია. სამაგიეროდ, საჯაროა ამავე ტიპის დოკუმენტი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ წარუდგინა დედაქალაქის მოსახლეობას.

კალაძის მიერ 4 წლის წინ გახმიანებული დაპირებების ნაწილი შესრულდა, თუმცა არსებობს რიგი პროექტებისა, რომელთაც ამ დრომდე არ უხილავთ დღის სინათლე. ზოგიერთი ამ დაპირების შეუსრულებლობას მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და მისი გუნდი პანდემიის კრიზისით ხსნიან.

“ნეტგაზეთი” წარმოგიდგენთ “ქართული ოცნების” 4 წლის წინანდელ დაპირებათა ნაწილს, რომელიც კახა კალაძის მერობის დროს ნაწილობრივ ან საერთოდ ვერ შესრულდა.

თბილისის ისტორიული ნაწილის განახლება-რეაბილიტაცია

“უახლოესი 4 წლის განმავლობაში თანმიმდევრულად განხორციელდება ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების, მშრალი ხიდის, 9 მარტის და დედაენის ბაღის, გუდიაშვილის მოედნის, ქვემო კალას, კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩის, ზემო კალას, ფიროსმანის, კარგარეთელისა და კონსტიტუციის ქუჩების, სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია, აგრეთვე, აღმაშენებლის გამზირის გასწვრივ არსებული ისტორიული ბაღების კომპლექსის აღდგენა და ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე საფეხმავლო-სამუზეუმო მარშრუტის განვითარება(ამ ბოლოს ახლაც გვპირდებიან)”.

აღნიშნული დაპირება მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა. ჩამოთვლილი ადგილებიდან არაერთის, მათ შორის, კოტე აფხაზის (ლესელიძის), ფიროსმანის, სულხან საბა ორბელიანის, ინგოროყვასა და გუდიაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია არ ჩატარებულა, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროცესი კი ახლაც მიმდინარეობს. ზოგიერთი ამ ქუჩის განახლებას კალაძის გუნდი თბილისელებს მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში ჰპირდება.

გამწვანება და პარკების რეაბილიტაცია

“შემუშავდება ქალაქის გამწვანებისა და რეკრეაციის გეგმა, რომლის განხორციელების საფუძველზე, თბილისის გამწვანების კოეფიციენტი ევროპულ საშუალო მაჩვენებელს მიუახლოვდება… განახლდება ვაკის, რიყის, გოძიაშვილის, კიკვიძის და ვარკეთილის პარკები, ვერის, ალექსანდრე-9 აპრილის ბაღები და დიღმის ტყე-პარკი… თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მოეწყობა თბილისის ახალი ზოოპარკი და განახლდება თბილისის დენდროლოგიური პარკი. განახლდება მზიურის პარკი, რომელსაც შეუერთდება ძველი ზოოპარკის ტერიტორია”.

ჩამოთვლილი ობიექტებიდან, განახლდა გოძიაშვილისა და კიკვიძის პარკები, ვაკისა და ვარკეთილის პარკების რეაბილიტაცია კი ჯერაც მიმდინარეობს. განახლდა მზიურის პარკიც, თუმცა ძველი ზოოპარკის ტერიტორია მას ჯერჯერობით არ შეერთებია.

დენდროლოგიური პარკის გასაახლებელი სამუშაოები ამ დრომდე არ არის დაწყებული. თბილისის მერის თანახმად, ჯერ მხოლოდ პროექტი არსებობს, სამუშაოების დაწყება კი 2021 წლის ბოლოს იგეგმება და პროცესს 2 წელი დასჭირდება, რადგან ის “საკმაოდ მასშტაბურია”. მისი თქმით, აქვე გადავა თბილისის ზოოპარკიც.

მეორე მხრივ, ქალაქის გამწვანებისა და რეკრეაციის გეგმა მერიას არ წარმოუდგენია და არც 4 წლის წინანდელ პროგრამაში ჩამოთვლილი რეკრეაციული ზონების ნაწილის რეაბილიტაცია დაწყებულა.

დაპირებები მეტროპოლიტენსა და რკინიგზაზე

“განახლდება 23 მეტროსადგური ერთიანი კონცეფციითა და ბრენდინგით. დაიწყება მეტროს ახალი მიწისქვეშა და მიწისზედა ხაზების პროექტირება, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, შეისწავლება სამგორი-აეროპორტისა და დიდუბე-დიდი დიღმის ხაზების შექმნის შესაძლებლობა. განხორციელდება პროექტი სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან მეტროს ინტეგრირების უზრუნველსაყოფად. მეტროსადგურებში მოეწყობა შესაბამისი ადაპტირების ზონები და ინფრასტრუქტურა შშმ პირებისათვის”.

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ განხორციელებული $15-მილიონიანი პროექტის შედეგად, თბილისის მეტროში გამოიცვალა 500 კმ სიგრძის ძალოვანი სადენი და ვენტილაციის სისტემა, თუმცა 23-ვე მეტროსადგური “ერთიანი კონცეფციითა და ბრენდინგით” არ განახლებულა.

კალაძის მერობისას, 2018 წელს, ჩამოინგრა ჭერი მეტროსადგურ “ვარკეთილში”. 2019 წლის აპრილში კალაძემ განაცხადა : “ერთი წელი გავიდა და ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია.” ახლაც, 2021 წლის სექტემბერში, ვითარება უცვლელია: ჭერი ჯერაც არ შეუკეთებიათ.

კალაძის მერობის დასასრულს კვლავ ბუნდოვანია სამგორი-აეროპორტის მიწისზედა მეტროს პროექტის ბედი. მიმდინარე წლის მარტში მერის მოადგილემ თქვა, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მან არც პროექტის განხორციელება გამორიცხა და არც მასზე უარის თქმა.

დიდუბე-დიდი დიღმის ხაზი კვლავ იდეის დონეზეა.

ახალი საბაგირო ხაზები

“განვითარდება საბაგირო ტრანსპორტი და უზრუნველყოფილი იქნება მისი ინტეგრირება სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, მათ შორის მეტროსთან. დასრულდება რუსთაველი-მთაწმინდის და მაღლივი-ბაგების საბაგიროების მშენებლობა, აგრეთვე დაპროექტდება და აშენდება სამგორი-ვაზისუბნისა და ახმეტელის თეატრი-ზღვისუბნის დასახლების საბაგირო ხაზები”.

ერთადერთი პუნქტი, რომელიც შესრულდა, მაღლივი-ბაგების საბაგირო ხაზის მშენებლობის დასრულებაა. სამგორი-ვაზისუბნისა და ახმეტელის თეატრი-ზღვისუბნის დასახლების საბაგირო ხაზები არ მოწყობილა და არც რუსთაველი-მთაწმინდის ხაზის მშენებლობა დასრულებულა. აღნიშნულ დაპირებებს კალაძის გუნდი 2021 წლის არჩევნების წინაც ახმიანებს.

საგზაო ინფრასტრუქტურა

  1. “მტკვარზე აშენდება ახალი სახიდე გადასასვლელი, რომელიც ერთმანეთს დააკავშირებს გელოვანის გამზირსა და სამტრედიის ქუჩას;
  2. მოეწყობა გელოვანის გამზირისა და ინტენსიფიკაციის დამაკავშირებელი ორკილომეტრიანი, სამზოლიანი საავტომობილო გზა;
  3. აშენდება ვაშლიჯვრის დასახლებიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელი ესტაკადა;
  4. მდინარე ვერეზე აშენდება უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდი, აგრეთვე აშენდება ესტაკადა უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე;
  5. აშენდება სატრანსპორტო პანდუსი გალაკტიონის ხიდის მარცხენა სანაპიროზე;
  6. მოეწყობა კვანძი ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე;
  7. აშენდება ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზა და გვირაბი;
  8. აშენდება ნაფეტვრები-ახალდაბის ახალი გზა;
  9. მოეწყობა კვანძი ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების გადაკვეთაზე;
  10. ჩატარდება ხიდებისა და გვირაბების რეაბლიტაცია”.

ამჟამინდელი მოცემულობით, შესრულდა დაპირებები, რომლებიც კარტოზია-ცინცაძის ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობას, ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელი ესტაკადის მშენებლობასა და ქვედა და ზემო ფონიჭალის გვირაბით დაკავშირებას შეეხებოდა. ამასთან, მერიის თანახმად, 2018-21 წლებში თბილისში ათი ხიდი რეაბილიტირდა. დანარჩენი პუნქტები შეუსრულებელია.

მტკვრის დაბინძურება

“მერია იზრუნებს მტკვრის და მისი შენაერთების დაბინძურების პრევენციაზე. მოეწყობა გამწმენდი ნაგებობები თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე”.

დაპირება არ შესრულებულა. მიმდინარე წლის ივნისში კალაძემ თბილისში “სანიაღვრე-სადრენაჟე ქსელის გამართული მუშაობისთვის ახალი სისტემის დანერგვის” გეგმებზე ისაუბრა, ამ კონტექსტში კი თქვა, რომ “შემდგომში, მტკვრის დაბინძურების საპრევენციოდ მდინარეზე გამწმენდი ნაგებობა მოეწყობა”. როდის მოხდება ეს, უცნობია.

სოფელ დიღმის კანალიზაცია

“განხორციელდება სოფელ დიღმის კანალიზაციის მოწყობის მასშტაბური პროექტი. გაგრძელდება უბნების, ქუჩებისა და ეზოების კეთილმოწყობა”.

კანალიზაციის მოწყობის სამუშაოები 3 წლის წინ დაიწყო და კალაძის მერობის პირველი ვადის მიწურულს, ჯერაც დაუსრულებელია. თბილისის მოქმედმა მერმა გასული წლის სექტემბერში განაცხადა, რომ “სოფელ დიღომში საკანალიზაციო ქსელი საერთოდ არ არსებობდა, ეს არის საკმაოდ დიდი პროექტი და გარკვეული დრო დასჭირდება სოფელ დიღმის მთლიან დაქსელვას”.

ღამის ეკონომიკა

“ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსახორციელებლად, თბილისის მერია შეიმუშავებს მუნიციპალური განვითარების გეგმას. მუნიციპალიტეტი ხელს შეუწყობს თბილისელების დასაქმებას. განხორციელდება ღამის ეკონომიკის ინოვაციური კონცეფცია”.

თბილისის მუნიციპალიტეტმა 2019 წელს შეიმუშავა თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა, ღამის ეკონომიკაზე საუბარი კი 2018 წლიდან დაიწყო და ამ პროექტს სერგი გვარჯალაძე ხელმძღვანელობდა.

2020 წელს მან პოსტი დატოვა, მერიამ კი თქვა, რომ ღამის ეკონომიკის სტრატეგია მზად არის, თუმცა  “ამ ეტაპზე, პანდემიის პირობებში, აღნიშნული სტრატეგიის განხორციელება მიზანშეწონილი არ არის”.

“რადიოქალაქი”

“გლდანის რაიონში, მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე მოეწყობა კულტურულ-გასართობი ცენტრი – „რადიოქალაქი“, რომელიც გააერთიანებს კულტურულ, სპორტულ, საგამოფენო, გასართობ, რეკრეაციულ და კომერციულ სივრცეებს, კინოდარბაზებს, საბავშვო სათამაშო მოედნებს და მედიათეკას”.

2017 წელს, წინასაარჩევნოდ, “რადიოქალაქს” კალაძემ პრეზენტაციაც მიუძღვნა და თქვა, რომ ეს უნდა ყოფილიყო “ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თბილისში”. 4 წლის შემდეგ არსებობს მხოლოდ პროექტი და კონცეფცია.

როგორც მერიამ 2019 წელს თქვა, “რადიოქალაქის” ტერიტორია 23 მილიონ ლარად შეისყიდა “აჭარა ჯგუფის” შვილობილმა კომპანიამ და 4 წლის განმავლობაში პროექტში “8 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჩაიდება”.

“აუცილებლად განხორციელდება” – კალაძის დაპირება 2021

გასულ დღეებში კალაძემ გამართა რამდენიმე პრეზენტაცია, რომლებზეც თავისი გუნდის ხედვა წარმოადგინა სხვადასხვა მიმართულებით. ურბანული პოლიტიკის პრეზენტაციის დროს მან შეუსრულებელი პროექტებიც ახსენა და თქვა:

“ჩვენ გვაქვს პროექტები, რომლებზეც 2017 წელს ვსაუბრობდით, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ მოხდა მათი განხორციელება და იცით, რომ ამ 4 წლიდან 2 წელი, ფაქტობრივად, და ახლაც გრძელდება, ვებრძვით არსებულ პანდემიას და გამოწვევებს. შესაბამისად, ის პროექტები, რომლებიც ვერ დავიწყეთ, მომდევნო წლებში აუცილებლად განხორციელდება”.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება. კალაძის ამჟამინდელი სლოგანია “მეტი სიცოცხლე ყველა უბანში”.

კანდიდატების უმრავლესობას არჩევნებამდე ერთი თვით ადრეც არ გამოუქვეყნებიათ პროგრამები

მასალების გადაბეჭდვის წესი