ახალი ამბები

გახარია დებატებში კალაძეს “იმედზე” იწვევს, მელიას – “მთავარ არხზე”

13 სექტემბერი, 2021 • 1489
გახარია დებატებში კალაძეს “იმედზე” იწვევს, მელიას – “მთავარ არხზე”

თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია კახა კალაძეს დებატებში იწვევს “იმედის” არხზე, ხოლო ნიკა მელიას- “მთავარ არხზე”. ამის შესახებ გახარიამ დღეს, 13 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“თავის გადმოსახედიდან ერთი ბიძინა ივანიშვილის პროექტს გეძახის, მეორე კი მიხეილ სააკაშვილთან კავშირებში გვადანაშაულებს და ფაქტობრივად შეცდომაში შეჰყავთ საქართველოს მოქალაქეები. აწყობენ გარკვეულ ცირკს, იმის მაგივრად, რომ შინაარსობრივ დებატებში შემოვიდნენ. ამიტომ მივმართავ “ოცნების” მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს, “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატს, ნიკანორ მელიას, მოდით, თქვენივე ტერიტორიაზე, თქვენსავე ტელევიზიებში მოვაწყოთ პირისპირ დებატები ერთი-ერთზე იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, თბილისელებს მივცეთ შესაძლებლობა მიიღონ სწორი და ინფორმირებული არჩევანი.

როგორც ჩანს, კახა კალაძეს დისკომფორტი აქვს სხვა ტელეზიებში სიარულის, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო თბილისის დღევანდელ მერს, ერთი-ერთზე, პირისპირ “იმედის” “ტელეკანალზე”, პარტიულ ტელევიზიაში, და იმედი მაქვს, რომ ამაზე მაინც მივიღებ დადებით პასუხს. ისივე, როგორც ნიკანორ მელიას მინდა შევთავაზო ასევე პარტიულ ტელევიზიაში,  “ნაციონალური მოძრაობის”  „მთავარ არხზე“ ერთი-ერთზე, პირისპირ, მოვაწყოთ დებატები”, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით,  დებატები ყველა  დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნების განუყოფელი ნაწილია.

“ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, პატივი ვცეთ ჩვენს ამომრჩევლებს, მიიღონ ინფორმირებული და სწორი გადაწყვეტილება. დღეს არის 13 რიცხვი, ჯერ კიდევ არის საკმარისი დრო, ამიტომ ივარჯიშეთ, მეგობრებო, მოემზადეთ. მე მზად ვარ, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ თქვენთვის კომფორტულ ფორმატში ასეთი დებატები ჩავატაროთ. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება, პირველ რიგში, თბილისელების და საქართველოს მოქალაქეების პატივისცემა, მივცეთ მათ შესაძლებლობა, ნორმალური არჩევანი გააკეთონ”, – განაცხადა გახარიამ.


ოთხმა ტელეკომპანიამ, “ფორმულამ”, “მთავარ არხმა”, “ტვ პირველმა” და “კავკასიამ” ბილისის მერობის სამ კანდიდატს: კახა კალაძეს, ნიკა მელიასა და გიორგი გახაარიას დებატების მოწყობა შესთავაზეს.

თუმცა კახა კალაძემ ოთხი ტელევიზიის შეთავაზებას უარით უპასუხა, იმ მიზეზით, რომ ზემოხსენებული ტელეარხები “ყოველდღიურ რეჟიმში დეზინფორმაციას ავრცელებენ”. მისი თქმით, მზადაა, ყველა კანდიდატთან ერთობლივ დებატებში მიიღოს მონაწილეობა საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი