აშშ-ში იხსენებენ ათასობით ადამიანს, რომლებიც 20 წლის წინ, ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებს შეეწირნენ. დაღუპულთათვის პატივის მისაგებად დაგეგმილ ღონისძიებებს, მსხვერპლთა ოჯახებთან ერთად, აშშ-ის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები დაესწრებიან.
20 წლის წინ აშშ თავის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკული მოვლენის მომსწრე გახდა. ტერორისტული დაჯგუფების, “ალ-კაიდას” წევრებმა 4 სამგზავრო ბოინგი გაიტაცეს. ნიუ-იორკის დროით 08:46 საათზე, 2 მათგანი მათ “ტყუპების” სახელით ცნობილი სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეაჯახეს.
შეჯახების შედეგად შენობები ჩამოინგრა, რასაც 2,753 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათი ნაწილი უშუალოდ აფეთქებებს ესმხვერპლა, ზოგიერთი — შენობების ფანჯრებიდან გადმოხტა, სხვები კი “ტყუპების” ჩამოშლის შედეგად დაიღუპნენ. მსოფლიო შეძრა კადრებმა, რომლებიც ტრაგედიის ადგილიდან პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

თვითმფრინავის შეჯახების შემდეგ აალებული ცათამბჯენი. 11 სეტემბერი, 2001 წელი. ფოტო: EPA/NEW YORK CITY POLICE
მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შტაბ-ბინას დაეჯახა, ხოლო მეოთხე, რომელსაც გეზი ვაშინგტონისაკენ, სავარაუდოდ, აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობისკენ ჰქონდა აღებული, მგზავრების გმირული წინააღმდეგობის შედეგად, პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა.
ჯამში, ტერაქტს 2,977 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 19 ტერორისტი, 400 პოლიციის ოფიცერი და მეხანძრე.
თავდასხმებიდან მცირე ხნის შემდეგ, აშშ-მა, საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერით, დარტყმების მიტანა დაიწყო “ალ-კაიდას” სავარაუდო ბაზებზე ავღანეთში. ამავე ოპერაციის სამიზნე იყო ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი ოსამა ბინ ლადენი, რომელიც ავღანეთს აფარებდა თავს.
აშშ-მა მანამდე არაერთგზის, უშედეგოდ ითხოვა ბინ ლადენის ექსტრადირება ისლამისტური თალიბანისგან, რომელიც ქვეყანას მართავდა.
ვაშინგტონმა ბინ ლადენის განეიტრალება მხოლოდ 10 წლის შემდეგ, პაკისტანში ჩატარებული ოპერაციის შედეგად შეძლო. “ალ-კაიდას” ლიდერი 2011 წლის 2 მაისს მოკლეს.
11 სექტემბრის თავდასხმებიდან 20 წლისთავზე, აშშ-ში ფართო პოლიტიკური დისკუსია მიმდინარეობს პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებაზე ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანასთან დაკავშირებით. ამის გამო ის არაერთგზის, მწვავედ გააკრიტიკეს.
ბაიდენმა პირობა დადო, რომ აშშ-ის ჯარები ავღანეთს 11 სექტემბრამდე დატოვებდნენ, რათა დამთავრებულიყო “აშშ-ის უსასრულო ომი”.
9/11-დან ორი ათწლეულის შემდეგ, ალ-კაიდა ისევ არსებობს, ისლამისტურმა თალიბანმა კი, ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გასვლის ფონზე, სულ რამდენიმე კვირაში შეძლო საკვანძო ქალაქების დაკავება, დედაქალაქ ქაბულში შესვლა და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლების დამხობა.
დღეს გავრცელებულ მიმართვაში, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ერთიანობისკენ მოუწოდა ამერიკელებს.
“ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი სიცოცხლე გარისკა და გაიღო [იმ] წუთებში, საათებში, [შემდგომ] თვეებსა თუ წლებში”, — აღნიშნა მან იმ მეხანძრე-მაშველებზე საუბრისას, რომლებიც ტერაქტების ადგილას მუშაობდნენ.
“რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, ხსოვნის ეს ღონისძიებები ყველაფერს მტკივნეულად განგვიახლებს, თითქოს სულ რამდენიმე წამის წინ შევიტყვეთ ახალი ამბები”, — დასძინა მან.
ბაიდენის სიტყვებით, ამერიკელებმა ისწავლეს, რომ ერთიანობა არის ის, რაც არასდროს უნდა დაირღვეს. მან ასევე ახსენა “ადამიანური ბუნების ბნელი ძალები — შიში და ბრაზი, შუღლი და ძალადობა მუსლიმი ამერიკელების მიმართ” ტერაქტების შემდეგ, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ერთობა “აშშ-ის უდიდეს ძალად” რჩევა.

ნიუ იორკის სახანძრო დეპარტამენტთან მოქალაქეებმა დაღუპულებისათვის პატივის მისაგებად ყვავილები და სანთლები მიიტანეს. 12 სექტემბერი, 2001 წელი. ფოტო: EPA/TANNEN MAURY
ბაიდენი დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება როგორც ნიუ-იორკში, ისე ვაშინგტონსა და პენსილვანიაში. ცერემონიათა ფარგლებში, ხმამაღლა წაიკითხავენ ტერაქტების მსხვერპლთა სახელებს.
ამასთან, იქნება წუთიერი დუმილი ექვსჯერ, ცათამბჯენებზე თვითმფრინავების შეჯახებისა და შენობების ჩამოშლის, ასევე, პენტაგონზე შეჯახებისა და პენსილვანიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მომენტების გასახსენებლად.
ღონისძიებების ნაწილი პარასკევს, 10 სექტემბერს გაიმართა. ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ცერემონიაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 11 სექტემბერი მოიხსენია აშშ-ის ისტორიაში “ერთ-ერთ ყველაზე ბნელ დღედ”, მეორე მხრივ კი ახსენა “ღრმა ადამიანობის, თანაგრძნობის, ძალისა და გამბედაობის გამოვლინებანი”, რომლებიც აშშ-მა იმ პერიოდში იხილა.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც გაავრცელა. მისი თქმით, ეს არის გაკვეთილი, რომელიც “არასდროს უნდა დავივიწყოთ”.
“20 წლის წინ, მსოფლიო შეძრა 11 სექტემბრის ტრაგედიამ. 20 წლის წინ, საერთაშორისო საზოგადოება ერთად დადგა მსოფლიო უსაფრთხოების დასაცავად, რაშიც საქართველო განაგრძობს თავისი წვლილის შეტანას.
ამ თანამედროვეობის ბოროტებაზე გლობალური პასუხი სოლიდარობა იყო. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ!” — დასძენს პრეზიდენტი.











