ახალი ამბებიკომენტარი

მალხაზ სონღულაშვილი: 11 სექტემბრის აჩრდილები

11 სექტემბერი, 2021 • 3672
მალხაზ სონღულაშვილი: 11 სექტემბრის აჩრდილები

ავტორი: მალხაზ სონღულაშვილი


ზუსტაად 20 წლის წინათ, 11 სექტემბერს ინგლისიდან გერმანიაში მივემგზავრებოდი. ფრანკფურტის აეროპორტში რომ ჩავფრინდი, მთელი აეროპორტი აწრიალებულს ჰგავდა, მაგრამ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმროს მივაშურე ბად-ჰომბურგში. ის,  რაც ნიუ იორკში მიხდა, მხოლოდ მას შემდეგ გავიგე, რაც სასტუმროს ოთახში შევედი და ტელევიზორი ჩავრთე. თავიდან მეგონა, საშინელებათა ფილმის კადრებს აჩვენებდნენ, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს კადრები რეალობას ასახავდა.

მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ იმ დღის შემდეგ ეს სამყარო ის აღარ იქნება, რაც მანამდე იყო. სისხლის გუბეები ბაღდადში, გაუთავებელი  ხოცვა-ჟლეტა სირიაში, ერაყში, ავღანეთში, ეზიდების გენოციდი და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი სხვა უბედურების ამბავი ცალკე აღებული ნაწილებია იმ ერთი დიდი ჯაჭვური  რეაქციისა, რომელიც 11 სექტემბერს მოჰყვა.ის სამყარო, რომელშიაც ჩვენ ვცხოვრობთ, დაღდასმულია 11 სექტემბრისა და მის შემდეგ აგორებული მოვლენებით. სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან დაინახავ 11 სექტემბრის აჩრდილებს.

იმ მოვლენების 20 წლის თავზე, გაბედულება უნდა გვეყოს და სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ ყველამ. გულწრფელად  უნდა ვაღიაროთ, რამ გაამართლა და რამ – არა. იქნებ ერთხელ და სამუდამოდ ვისწავლოთ, რომ შურისძიებითი ომები და სისხლისღვრა შედეგებს არ იძლევა, ძალადობაზე ძალადობით პასუხი უსასრულო ძალადობას ახალისებს. ძალადობას კი არ ამთავრებს. იქნება ეხლა მაინც დავინახოთ ყველამ, რომ ყველა გლობალური კონფლიქტი უნდა მოგვარდეს არა იარაღის ჟღარუნით, არამედ მშვიდობიანი მოლაპარაკებებისა და შერიგების გზების ძიებით. იქნება დადგა დრო, მოვლენებს სხვა თვალით შევხედოთ. დავიწყოთ გულწრფელად ფიქრი და ზრუნვა ამ სამყაროს დაცვაზე ომებისგან, ძლიერების მიერ სუსტების ჩაგვრისგან, კარს მომდგარი ეკოლოგიური კატასტრიფისგან.

თუმცა ახლა, 2021 წლის 11 სექტემბერს, პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ და ვილოცოთ იმ ადამიანებზე, ვინც სიციცხლე დაკარგა ნიუ იორკში. ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ და ვილოცოთ იმ ადამიანებზე, ვინც მსხვერპლი გახდა 11 სექტემბის მიერ აგორებული მოვლენებისა: ბაღდადში, მოსულში, შინჯარში, ქაბულში და სხვაგან. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები და ანუგეშოს მათი ახლობლები.

მალხაზ სონღულაშვილი
თბილელი მიტროპოლიტი
მშვიდობის კათედრალი,
თბილისი

მასალების გადაბეჭდვის წესი