ახალი ამბები

დანია ყველა COVID შეზღუდვას ხსნის

10 სექტემბერი, 2021 • 2855
დანია ყველა COVID შეზღუდვას ხსნის

დანია ევროკავშირის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც კორონავირუსის გამო დაწესებული შიდა შეზღუდვები სრულად იხსნება ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის გამო.

როგორც The Guardian წერს, დღეიდან ადამიანებს აღარ დასჭირდებათ ღამის კლუბებში შესვლისას და სპორტულ ღონისძიებებზე დასასწრებად ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა – ეს ბოლო შეზღუდვა იყო, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში მოქმედებდა.

როგორც დანიის ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ქვეყანაში 12 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 80% სრულადაა ვაქცინირებული და კორონავირუსი დანიისთვის “სოციალურად კრიტიკული დაავადება” აღარაა, რის გამოც 10 სექტემბრიდან ყველა შეზღუდვის მოხსნა დააანონსა.

როგორც The New York Times წერს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე დანიაში კორონავირუსის კორონავირუსის 400 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა, 1 500-ზე მეტი ადამიანი კი დაიღუპა. თუმცა, ბოლო კვირების განმავლობაში დღიური ინფიცირების შემთხვევები 1 000-ს არ აჭარბებს.

ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტები ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ნიშნებს დაინახავენ, შეზღუდვების ხელახლა დაწესებისგან თავს არ შეიკავებენ. თუმცა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ პანდემიის მართვის დანიურმა მოდელმა გაამართლა და ყველა მოქალაქეს ფასდაუდებელი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი