შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ყვარელში “საქართველოს ბანკში” შეჭრილმა პირმა ყველა მძევალი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის წარმომადგენლის, ქეთი კოვზიაშვილის თქმით, სპეცოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება და არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება საფრთხე:
“თანხასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა იყო მოთხოვნა, ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება არ შემიძლია. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიმდინარეობს პირის იდენტიფიკაციის პროცესიც. ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ არის, რომ არც ერთი მძევალი არ არის შენობაში. არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მუშაობენ აქტიურად იმისთვის, რომ სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდეს”, – განაცხადა კოვზიაშვილმა.
ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიარაღებული პირი დღეს, 9 სექტემბერს შეიჭრა. მან მძევლები აიყვანა და ითხოვდა გარკვეულ თანხას, თუმცა ამ დროის ოფიციალური ინფორმაცია, თუ რამდენი მძევალი ჰყავდა შეიარაღებულ პირს და რა თანხას ითხოვდა, ცნობილი არ არის.
გარეკანის ფოტო: ფოტო: კადრი “ფორმულას” ეთერიდან
ყვარელში “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიარაღებული პირია შეჭრილი