ახალი ამბები

ყვარელში “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიარაღებული პირია შეჭრილი

9 სექტემბერი, 2021 • 895
ყვარელში “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიარაღებული პირია შეჭრილი

ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიარაღებული პირია შეჭრილი. როგორც მომხდარის თვითმხილველი ტელეკომპანია “რუსთავი 2-თან” ყვება, თავდამსხმელს სავარაუდოდ ჰყავს მძევლები და ის ხელყუმბარითაა შეიარაღებული.

ქალი, რომელის აცხადებს, რომ “საქართველოს ბანკის” თანამშრომელია ამბობს, რომ მან და ბანკის ფილიალში მყოფი პირების ნაწილმა გაქცევა მოასწრო.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია.

უწყების განცხადებით, ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მობილიზებული არიან. პირველადი ინფორმაციით, საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი. თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია.

ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს – დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს”, – ვკითხულობთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ნეტგაზეთი” მომხდარის დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი