ახალი ამბები

შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება ბიუჯეტიდან 123%-ით გაიზარდა – საერთაშორისო გამჭვირვალობა

9 სექტემბერი, 2021 • 1034
შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება ბიუჯეტიდან 123%-ით გაიზარდა – საერთაშორისო გამჭვირვალობა

არასამთავრობო ორგანიზაციამ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი 6 თვის შესრულების მოკლე ანალიზი გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ანალიზის თანახმად, 2021 წლის 6 თვეში, 2020 წლის 6 თვესთან შედარებით, საქონლის და მომსახურების შესყიდვის ხარჯები 21.4%-ით გაიზარდა და 758 მლნ ლარი შეადგინა. 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით კი,  24%-ით არის გაზრდილი.

“საქონლის და მომსახურების ხარჯების ზრდა ყველაზე მეტად შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების ზრდამ განაპირობა. 2021 წლის იანვარ-ივნისში შტატგარეშეების შრომის ანაზღაურებაზე 153.2 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 84.4 მლნ ლარით (123%-ით), ხოლო 2019 წლის მაჩვენებელზე 95 მლნ ლარით (164%-ით) მეტია”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ორგანიზაცია რეკომენდაციის სახით აცხადებს, რომ “ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში ფინანსთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია უწყებების მიხედვით, თუ სად რამდენი შტატგარეშე თანამშრომელია დასაქმებული და რა თანხა იხარჯება მათ ანაზღაურებაზე”.

“როდესაც მთავრობის ვალი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ქვეყანაში პანდემიაა, შტატგარეშედ დასაქმებულებზე გაწეული ხარჯების გაორმაგება თანხების არაეფექტიან ხარჯვაზე და ნეპოტიზმზე აჩენს კითხვებს, რადგან შტატგარეშედ სამსახურში მიღება ნაკლებად კონტროლდება კანონმდებლობით”, – ვკითხულობთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ ანალიზში.

მასალების გადაბეჭდვის წესი