ახალი ამბები

ტრანსპროტის ხმაური დემენციის რისკს ზრდის – კვლევა

9 სექტემბერი, 2021 • 2002
ტრანსპროტის ხმაური დემენციის რისკს ზრდის – კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, რომელშიც 2 მილიონი ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა, საგზაო მოძრაობისა და რკინიგზის ხმაურის ზემოქმედება დემენციის რისკებს ზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

დემენცია არის სინდრომი, რომელსაც ახასიათებს მეხსიერების, აზროვნების, შემეცნების, არითმეტიკული უნარების, დასწავლის უნარის, მეტყველებისა და კრიტიკული ფუნქციების დარღვევა. დემენცია ბევრ დაავადებას იწვევს, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ალცჰაიმერის დაავადება, ვასკულაარული დემენცია.

The Guardian-ის ცნობით, დემენციის განვითარებაზე სხვადასხვა ფაქტორს შეიძლება ჰქონდეს გავლენა, მათ შორის, არაჯანსაღი ცხოვრების წესს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ამ დაავადების განვითარებაზე გავლენა ჰქონდეს საცხოვრებელ გარემოსაც. ასევე, მათი ვარაუდით, 2050 წლისთვის დემენციის მქონე ადამიანების რიცხვი შეიძლება 130 მილიონამდე გაიზარდოს.

აქამდე ჩატარებულმა კვლევებმა უკვე დაადასტურეს, რომ ტრანსპორტის ხმაური შესაძლოა სხვადასხვა დაავადებასთან იყოს დაკავშირებული, მათ შორის დიაბეტთან, ჭარბწონიანობასთან, გულის დაავადებებთან, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ მცირე მტკიცებულებები არსებობდა დემენციასა და სატრანსპორტო ხმაურს შორის კავშირის შესახებ.

ახალმა კვლევამ კი, რომელიც 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და რომელშიც 2-მა მილიონმა ზრდასრულმა მიიღო მონაწილეობა, აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ისეთ ადგილებში ცხოვრობენ, სადაც ტრანსპორტის მაღალი ხმაური აღინიშნება, არიან უფრო მაღალი რისკის ქვეშ, რომ განუვითარდეთ დემენცია, განსაკუთრებით კი, ალცჰაიმერის დაავადება.

კვლევა ჩატარდა დანიაში 2004-2017 წლებში, 60 წელთან მიახლოებულ და ზემო ასაკის მქონე იმ ადამიანებს შორის, ვინც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ტრანსპორტით გამოწვეულ ხმაურიან ადგილებში ან რკინიგზასთან.

მოსახლეობასთან და მათ უბნებთან დაკავშირებული პოტენციურად გავლენიანი ფაქტორების გათვალისწინების შემდეგ, კვლევამ აჩვენა, რომ დანიაში 2017 წელს რეგისტრირებული დემენციის 8,475 შემთხვევიდან 1,216 შეიძლება ტრანსპორტის ხმაურს მიეკუთვნებოდეს. მათ შორის 963 პაციენტის დიაგნოზი დაკავშირებული იყო სატრანსპორტო ხმაურთან, 253-ის კი, რკინიგზის ხმაურთან.

კვლევის ავტორების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათი დასკვნები სხვა კვლევებითაც დადასტურდება, შესაძლოა ამან დიდი გავლენა იქონიოს სატრანსპორტო ხმაურთან დაკავშირებული დაავადებების და ჯანდაცვის ხარჯების შეფასებაზე.

ამასთან, კვლევის ავტორების განცხადებით, დემენციის რისკების შემცირება შესაძლოა ავტომანქანების საცობით გამოწვეული ხმაურის შემცირებით გახდეს შესაძლებელი.

იმის შესაძლო ახსნა, თუ რატომ შეიძლება ხმაურმა ადამიანის ჯანმრთელობაზე მოახდინოს გავლენა, არის სტრესის ჰორმონის გამოყოფა და ძილის რეჟიმის დარღვევა, რაც იწვევს გულის დაავადებებს, იმუნური სისტემის ცვლილებებს და ანთებას – ეს ყველაფერი კი დემენციის განვითარებას უკავშირდება.

The Guardian-ის ინფორმაციით, კვლევას უფრო დაკვირვების ფორმა ჰქონდა და არ მიუწვდებოდა ხელი სხვადასხვა ინფორმაციაზე, როგორიცაა სახლებში ხმის იზოლაციის შესახებ ცნობები. თუმცა, გამოცემის ცნობით, აღსანიშნავია, რომ კვლევა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ბევრი ადამიანი იყო ჩართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი