ახალი ამბები

60+ მოქალაქეების 67% დაინფიცირების შემთხვევაში კლინიკებში ხვდება – ტიკარაძე

8 სექტემბერი, 2021 • 1393
60+ მოქალაქეების 67% დაინფიცირების შემთხვევაში კლინიკებში ხვდება – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების 67% დაინფიცირების შემთხვევაში კლინიკებში ხვდება, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი ამ ჯგუფში 15%-ს შეადგენს. მინისტრის თქმით, აქედან გამომდინარე, სამინისტრო გეგმავს, რომ გამოიყენოს ყველა რესურსი, გარდა ვაქცინაციის სავალდებულოობისა, რომ ეს ადამიანები ვაქცინაციის პროცესში ჩართვაში დაარწმუნონ. ამის შესახებ ტიკარაძემ დღეს, 8 სექტემბერს განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ 60 წელს ზემოთ მოქალაქეები გარკვეული წახალისებების შედეგად გაიკეთებენ ვაქცინას, ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა დაახლოებით 50%-მდე შემცირდება, რაც ქვეყანას ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯების შემცირების შესაძლებლობასაც მისცემს:

“ჰოსპიტალში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების 67% ხვდება, საიდანაც ძალიან მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი და 15%-ს აღემატება. აქედან გამომდინარე ჩვენ ფინანსთა სამინისტროს წარვუდგინეთ ანალიზი იმის შესახებ, რომ ამ მოქალაქეების წახალისებით და მეტად ინტენსიური ვაქცინაციით ჩვენ შეგვიძლია ჰოსპიტალურ სექტორში არსებული დაწოლის რისკების მოხსნა დაახლოებით 50%-ით. ეს მოგვცემს ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების ფინანსურ და ფისკალურ ეფექტს და აქედან გამომდინარე ჩვენი მიდგომა და სურვილია, რომ მაქსიმალურად მალე მოხდეს ყველა იმ ბერკეტის გამოყენება, გარდა სავალდებულოობისა, რომელიც ამ ჯგუფში მეტ აქტიურობას გამოიწვევს ვაქცინაციასთან მიმართებაში”, – განაცხადა ტიკარაძემ.

8 სექტემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია 1 366 678 აცრა. ერთი დოზით აცრილია 30% და სრულად აცრილია 17.8%. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 27 011 აცრა ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი