ახალი ამბები

დიდ დიღომში რეკრეაციული სივრცე მოეწყობა — კალაძე

8 სექტემბერი, 2021 • 1766
დიდ დიღომში რეკრეაციული სივრცე მოეწყობა — კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დიდ დიღომში რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. მისი თქმით, პარკის გაშენების მოთხოვნა ადგილობრივებისგან აქამდეც ისმოდა, თუმცა ტერიტორია გასხვისებული იყო და ამის შესაძლებლობა არ არსებობდა.

“საქმე ეხება დიდი დიღმის მეორე და მესამე მიკრორაიონებს შორის, ე.წ. წრესთან მდებარე გაუნაშენიანებელ ტერიტორიას, სადაც იყო რეკრეაციული სივრცის მოწყობის მოთხოვნა.

ეს ტერიტორია იყო კერძო საკუთრება. ჩვენ უკვე ორი წელია ვმუშაობთ გამგეობასთან და საკრებულოსთან ერთად, რომ ეს ტერიტორია დაბრუნებოდა მუნიციპალიტეტს და განგვეხორციელებინა ადგილმონაცვლეობა.

დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ადგილმონაცვლეობა განხორციელდა, ეს არის ჩვენი საკუთრება”, — დასძინა მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

მერის თქმით, პარკი 1 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენდება.

“…მოეწყობა საპარკო სივრცე ხე-მცენარეებით, სარწყავი სივრცეებით, დასასვენებელი ატრაქციონებით, ფიტნეს-ზონით; ყველაფერი, რაც კი გვაქვს განსაზღვრული, ზოგადად, საპარკო ადგილებში, ყველანაირი ინფრასტრუქტურა იქნება მოწესრიგებული”, — აღნიშნა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი