ახალი ამბები

“პროკურორის არჩევის წესის ცვლილებაზე უარი მესამე წარუმატებლობაა ორ თვეში” – ჰარცელი

7 სექტემბერი, 2021 • 848
“პროკურორის არჩევის წესის ცვლილებაზე უარი მესამე წარუმატებლობაა ორ თვეში” – ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი წუხილს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებში, რომელიც ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილის შეთანხმების მიღწევის შედეგად იყო წარდგენილი, უარი ითქვა ძირითად ცვლილებებზე გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით.

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ცვლილება შეეხებოდა საქართველოს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესს, რომელიც მიზნად ისახავდა მარტივი უმრავლესობის კვალიფიციურ უმრავლესობამდე გაზრდას დანიშვნებისთვის ყველა პოლიტიკური პარტიის ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და მომავალში მხოლოდ ერთი პარტიის მიერ გენერალური პროკურორის დანიშვნის შესაძლებლობის რისკის შესამცირებლად:

“ეს იყო კიდევ ერთი საშუალება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ხარისხის გაზრდას. პრინციპები, რომლებიც ამ ცვლილებას საფუძვლად ედო, ვენეციის კომისიის დიდი ხნის განმავლობაში არსებულ რეკომენდაციას ასახავდა. „ქართული ოცნების“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ, რომ მან 28 ივლისს საჯაროდ აიღო განახლებული ვალდებულება იმისა, რომ სასამართლო რეფორმების განხორციელება და ინიციირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიიღება მაინც მოხდებოდა”, – აცხადებს კარლ ჰარცელი.

მისი თქმით, ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ დღეს მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას. ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ გასული წლის ივლისში უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შემდგომ დანიშვნებს, ისევე როგორც ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ დანიშვნებს, ეუთო/ოდირის შეფასებით „აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა“.

წინა კვირას, ევროკავშირის 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების არგადახდის კონტექსტში, ევროკავშირმა აღნიშნა, რომ საქართველომ ვერ შეძლო, საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ კი, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი:

“ამრიგად, საქართველოს მიერ აღებული სასამართლო სისტემის რეფორმირების ვალდებულებების თვალსაზრისით დღევანდელი ცვლილებაზე უარის თქმა მესამე წარუმატებლობაა ამ ორი თვის განმავლობაში. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ კანონის უზენაესობის სფეროში გარანტიების გაძლიერებას კვლავაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისათვის.

ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა პარტიას, გაზრდილი ძალისხმევით ერთად იმუშაონ პარლამენტში ინკლუზიური პროცესის საშუალებით სასამართლო სისტემის ძირითადი რეფორმების განსახორციელებლად. ვიმეორებთ – მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი კვლავ სრულად მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე” ,- ვკითხულობთ ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმა პარლამენტმა შეიძლება არ მიიღოს

მასალების გადაბეჭდვის წესი