ახალი ამბები

გამყრელიძე: არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა ჩემს გამონათქვამებს

7 სექტემბერი, 2021 • 1402
გამყრელიძე: არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა ჩემს გამონათქვამებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განმარტა “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტ-ქალაქში” გაკეთებული განცხადება.

ამირან გამყრელიძის თქმით, როდესაც თქვა, რომ საკოორდინაციო საბჭოზე მედიკოსები უმცირესობაში არიან, მხოლდ რიცხობრივი უმცირესობა იგულისხმა და აღნიშნა, რომ საბჭოზე გადაწყვეტილებები კონსენსუსის პრინციპით მიიღება – ექიმების ნათქვამს კი დიდი წონა აქვს:

“არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა ჩემს გამონათქვამებს. ბოლომდე უნდა იქნას მოსმენილი ის, რაც მე პალიტრასთან ვთქვი. მე იქ ვთქვი, რომ დღეს, სამწუხაროდ, კოვიდი გახდა ქვეყანაში პოლიტიკური თემა და პოლიტიკური დისკუსიების თემა. პოლიტიკოსები ავლენენ მეტ ყურადღებას პოლიტიკური თემის მიმართ, ვიდრე ეპიდემიოლოგიურის. მე ხშირად ვამბობ, რომ პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ. მე ვარ აპოლიტიკური პიროვნება. ჩემთვის მთავარია ვიზრუნო მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, არ ვერევი პოლიტიკაში.

მე ვთქვი, რომ ვართ უმცირესობაში, ვიგულისხმე რიცხობრივი უმცირესობა. 4 მედიკოსი ვართ საკოორდინაციო საბჭოზე. ჩვენს რეკომენდაციებს და სიტყვებს საკმაოდ მაღალი წონა აქვს საკოორდინაციო საბჭოზე. მაგრამ საბჭო ყველა გადაწყვეტილებას იღებს ბალანსის და კონსენსუსის პრინციპით. ითვალისწინებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ფინანსურ რესურსებს, ბევრ საკითხს და იმის მიხედვით ხდება ბალანსირებული გადაწყვეტილების მიღება”, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

“პალიტრანიუსის” ეთერში ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოზე ექიმები უმცირესობაში არიან და ქვეყანაში პოლიტიკა უფრო მაღლა დადგა ეპიდსიტუაციასთან შედარებით, ვიდრე ეს გასული წლის გაზაფხულზე იყო:

“საკოორდინაციო საბჭოზე ექიმები ჩვენ ვართ უმცირესობაში. ქვეყანაში პოლიტიკა უფრო მაღლა დადგა ეპიდსიტუაციასთან შედარებით იმიტომ, რომ შარშან გაზაფხულზე მეტი სოლიდარობა იყო. დღეს, სამწუხაროდ, კოვიდის თემა მთავარი საჯილდაო თემაა პოლიტიკურ პარტიებს შორის” ,- თქვა გამყრელიძემ “პალიტრანიუსთან” ინტერვიუში.

მასალების გადაბეჭდვის წესი