ახალი ამბები

სამედიცინო დაწესებულებების ინიციატივით “ჯანდაცვის ასოციაცია” იქმნება

7 სექტემბერი, 2021 • 930
სამედიცინო დაწესებულებების ინიციატივით “ჯანდაცვის ასოციაცია” იქმნება

სამედიცინო დაწესებულებების ინიციატივით საქართველოში “ჯანდაცვის ასოციაცია” ფუძნდება, სადაც თავდაპირველად 13 სამედიცინო ჰოლდინგი, 125-მდე ჰოსპიტალი და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება ერთიანდება. ასოციაციის პრეზენტაცია დღეს, 7 სექტემბერს გაიმართა.

ასოციაციის განმარტებით, ისინი ძირითადად ისეთ საკითხებზე იმუშავებენ, როგორიცაა ჯანდაცვის დაფინანსება, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება, სატარიფო პოლიტიკა, საწოლფონდის თანაფარდობა, სამედიცინო პერსონალის რაოდენობა და გადანაწილება, მომსახურების ხარისხი, სამედიცინო შეცდომის იდენტიფიცირებისა და რეაგირების მექანიზმების შექმნა, პაციენტების უფლებების დაცვა, პანდემიის პირობებში სამედიცინო დაწესებულებების ეფექტური ფუნქციონირება და სხვა.

ჯანდაცვის ასოციაცია გეგმავს, რომ იყოს ერთგვარი შუამავალი სამედიცინო დაწესებულებებს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის.

ასოციაციის ხელმძღვანელის, ნინო კიკნაძის განმარტებით, მიზანი სამომავლო ხედვებისა და სტრატეგიების მომზადებაა, რაც, კიკნაძის თქმით, ქვეყანას ამ ეტაპზე არ აქვს:

“ასევე ერთ-ერთი მიზანია, რომ ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალურად ჩართული იყოს საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში, ტარიფიკაცია იქნება ეს თუ საწოლფონდთან დაკავშირებული საკითხები, პირველ რიგში, ჩართული უნდა იყვნენ სერვისის განმახორციელებლები, რადგან თეორიული ცოდნის გარდა მათ პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც აქვთ”, – განმარტა კიკნაძემ “ნეტგაზეთთან“.

ასოციაციის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, მაია მახარაშვილის თქმით კი, ჯანდაცვის სექტორი უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, რომლის მოგვარებაც კლინიკებს დამოუკიდებლად უჭირთ. მახარაშვილის განმარტებით, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ამ სექტორმა გაერთიანება და სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაზე ერთობლივი ზრუნვა:

“ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დადგა მთლიანად ჯანდაცვის სექტორი, რომელიც, რა თქმა უნდა, პანდემიის მართვაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. ეს გამოწვევები არ არის პანდემიის მართვასთან პირდაპირ კავშირში. ზოგადად, მიმდინარე პროცესები რაც ხდება ამ სექტორში, იგივე რეგულაციების ცვლილებები, სატარიფო პოლიტიკა, სტრატეგია, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ამ ასოციაციისთვის, ზუსტად ვიცოდეთ, რა იქნება სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვის სტრატეგია, 10-წლიანი, გრძელვადიანი გეგმა და ამ ნაწილშიც გვინდა, რომ ძალიან აქტიურად ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ გასაგები იყოს, რას უნდა ველოდოთ. თუკი ჩვენ გვექნება გარკვეული არგუმენტები, შეთავაზებები ან გადაწყვეტილებები ამ მჭიდრო თანამშრომლობაში, გამოვიყენოთ იმისთვის, რომ სექტორი იყოს უფრო ძლიერი და თან თანხვედრაში მოვიდეს იმ რეფორმებთან და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან, რასაც ქვეყანა მიიღებს”, – განმარტა მახარაშვილმა.

მისი თქმით, კლინიკებს ცალ-ცალკე კომუნიკაცია აქვთ სახელმწიფოსთან, თუმცა ეს საკმარისი არ არის და საჭიროა მეტად ორგანიზებული თანამშრომლობა, რაც ასოციაციის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.

მახარაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე ჰოსპიტალურ სექტორს განსაკუთრებით აწუხებს ტარიფიკაციისა და ინდექსაციის პრობლემა, რაც საყოველთაო დაზღვევისთვის 2013 წელს დაწესებულ ფასებს გულისხმობს. კერძოდ, მახარაშვილის თქმით, 2013 წლის შემდეგ მოიმატა როგორც მედიკამენტების, ასევე მომსახურების ფასებმაც, მათ შორის შეიცვალა აპარატურაც, სახელმწიფოს მიერ საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში კლინიკებისთვის გამოყოფილი თანხები კი კვლავ იგივე რჩება. მახარაშვილის თქმით, ეს მომსახურების ხარისხზეც აისახება, რის გამოც კლინიკებმა დამოუკიდებლად მიმართეს სახელმწიფოს, თუმცა ამ დრომდე ცვლილებები არ მომხდარა. მისი განმარტებით, ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაც იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი