ახალი ამბები

18 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ – შსს

7 სექტემბერი, 2021 • 771
18 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თბილისში, ლაგოდეხში, მარნეულში, რუსთავსა და ბათუმში ნარკორეალიზატორები დააკავა. უწყების ცნობით, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 18 ნარკორეალიზატორი. აქედან ერთი არასრულწლოვანია.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირია დაკავებული.

“მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში, უკანონო გასაღებასა და ჯგუფურად ჩადენილ უკანონო გასაღების მცდელობაში ედებათ.
დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციის მიერ დაკავებული 3 პირი სოციალურ ქსელში არსებული ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის კურიერები იყვნენ. ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე, უკანონო რეალიზაციის მიზნით ათავსებდნენ და ასაღებდნენ.

სამართალდამცველებმა, მათი პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის 8 ლიტრამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. ჩხრეკისას ასევე ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა.
ნარკოდანაშაულის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი