ახალი ამბები

“ოცნებამ” მაჟორიტარი კანდიდატები კანონდარღვევით შეცვალა – ბეჟაშვილი

6 სექტემბერი, 2021 • 781
“ოცნებამ” მაჟორიტარი კანდიდატები კანონდარღვევით შეცვალა – ბეჟაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” სენაკის საარჩევნო ოლექებში მაჟორიტარი კანდიდატები კანონის დარღვევით შეცვალა. ამის შესახებ ბეჟაშვილმა დღეს, 6 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კერძოდ, ბეჟაშვილის თქმით, სენაკის საარჩევნო ოლქებში თავდაპირველად წარდგენილი იყვნენ გია წურწუმია და ბეჟან სანაია, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ კი საოლქო საარჩევნო კომისიამ “ქართულ ოცნებას” ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა მოსთხოვა. ბეჟაშვილის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ამით ისარგებლა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოთხოვნების დარღვევით, ოლქებში მაჟორიტარი კანდიდატები შეცვალა. “ნაციონალური მოძრაობის” განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონის შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიას ამის უფლება არ ჰქონდა, მმართველი პარტიის ზეწოლის შედეგად კომისიამ “ქართულ ოცნებას” მოთხოვნა დაუკმაყოფილა:

“სენაკის საარჩევნო ოლქში “ქართულ ოცნებას” გია წურწუმია და ბეჟან სანაია წარდგენილი ჰყავდა შესაბამის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარ კანდიდატებად. ამ ადამიანებს შევსებული ჰქონდათ სააღრიცხვო ბარათები და თანხმობა ჰქონდათ გაცხადებული, რომ არჩევნებში მონაწილეობას სწორედ იმ საარჩევნო ოლქებში, სოფლებში მაჟორიტარ კანდიდატებად აპირებდნენ. მას შემდეგ, რაც დამთავრდა რეგისტრაციის ვადა, “ქართულ ოცნებას” საოლქო საარჩევნო კომისიაში მოსთხოვეს, რომ დაედგინა ტექნიკური ხარვეზი და შეეცვალათ პირადობის ნომრები. “ქართულმა ოცნებამ” ამით ისარგებლა და პრაქტიკულად კანონის უხეში დარღვევით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოთხოვნების უხეში დარღვევით, ამ ოლქებში მაჟორიტარი კანდიდატები შეცვალა და საოლქო საარჩევნო კომისია იძულებულია, რომ დიდი ზეწოლის შედეგად “ქართულ ოცნებას” დაუკმაყოფილოს ეს უკანონო მოთხოვნა.

ჩვენ ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება” პირდაპირ ზეწოლას ახორციელებს სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიაზე. ეს კონკრეტული ფაქტი ამის ნათელი დადასტურებაა. ამიტომ ვთხოვთ ცენტრალურ საარჩენვო კომისიას, უშუალოდ ჩაერიოს, არ დაუშვას კანონის დარღვევა და “ქართული ოცნების” ის წარდგინება დატოვოს, რომელიც შესაბამის საარჩევნო ოლქებში იყო და არ ისარგებლოს იმ მანიპულაციით, რასაც ქართული ოცნება ახორციელებს საარჩევნო პროცედურებთან მიმართებაში”, – განმარტა ბეჟაშვილმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგზე ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს. კალანდარიშვილის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს ხარვეზების დადგენას და პოლიტიკური გაერთიანებებისთვის გარკვეული უზუსტობების შესწორების შესაძლებლობის მიცემას. კალანდარიშვილის თქმით, ეს ერთ-ერთი რიგითი პროცედურაა.

“სენაკის შემთხვევაში სატელევიზიო სივრცით იყო გასული ინფორმაცია, რომ კონკრეტული პირები იყვნენ წარგენილები კონკრეტულ X მაჟორიტარულ ოლქში, მაშინ, როდესაც მათი საბუთებში არასწორად იყო მითითებული მაჟორიტარული ოლქები. გარდა იმისა, რომ ეს ფაქტი საჯაროდ იყო ცნობილი, ასევე იყო სხვა ტიპის უზუსტობები, რომელთან მიმართებაშიც საარჩევნო კოდექსი პირდაპირ ითვალისწინებდა ხარვეზის დადგენის აუცილებლობას და შესაბამისი პროცედურების გატარებას”, – განმარტა კალანდარიშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ კანდიდატებს დოკუმენტაცია ხარვეზით ჰქონდათ წარდგენილი, ხარვეზების გამოსწორებამ გამოიწვია მაჟორიტარულ ოლქებში წარდგენილი კანდიდატების გადანაცვლება, თუმცა ისინი სხვა კანდიდატებით არ ჩაუნაცვლებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი