ახალი ამბები

სასწრაფოს მანქანის ავარიის შედეგად დაშავებული კოვიდპაციენტის მდგომარეობა მძიმეა – კლინიკის ექიმი

6 სექტემბერი, 2021 • 5499
სასწრაფოს მანქანის ავარიის შედეგად დაშავებული კოვიდპაციენტის მდგომარეობა მძიმეა – კლინიკის ექიმი

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანის და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელიც სასწრაფოს კლინიკაში მიჰყავდა. ავარიის შედეგად დაშავდნენ სასწრაფო დახმარების პერსონალი, მედდა და მძღოლი.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის ცნობით, მძღოლის მდგომარეობა დაშავებულებს შორის ყველაზე მსუბუქი იყო და კლინიკა გუშინვე დატოვა, მედდა მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს. ექიმის ცნობით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება კოვიდ პაციენტს, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის, ანი დალაქიშვილის თქმით, 77 წლის კოვიდპაციენტის მდგომარება ვირუსისა და ავარიის შედეგად ამ წუთებში მძიმეა:

“პაციენტს აქვს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, გულ-მკერდის ტრავმა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ორმხრივი პნევმონია. ის მკურნალობას განაგრძობს კოვიდ რეანიმაციაში. პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, რადგან ასაკიდან გამომდინარე არის კოვიდინფიცირებული და აქვს ავარიის შედეგად მიღებული დაზიანებებიც”, – განამრტა ანი დალაქიშვილმა “ნეტგაზეთთან”.

ავარია გუშინ, 5 სექტემბერს საღამოს საათებში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება აღნიშნულ საკითხზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გარეკანის ფოტო: კადრი ტელეკომპანია პირველის ვიდეოდან

მასალების გადაბეჭდვის წესი