ახალი ამბები

JCVI-მ ბრიტანეთში 12-15 წლის ბავშვების მასობრივად აცრის რეკომენდაცია არ გასცა

3 სექტემბერი, 2021 • 2070
JCVI-მ ბრიტანეთში 12-15 წლის ბავშვების მასობრივად აცრის რეკომენდაცია არ გასცა

გაერთიანებული სამეფოს ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივმა კომიტეტმა (JCVI) 12-15 წლის ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ამ ასაკის ჯანმრთელი ბავშვების მასობრივად აცრის რეკომენდაცია არ გასცა “არასაკამრისი მტკიცებულებების გამო” – იუწყება გარდიანი.

JCVI არის ორგანიზაცია, რომელიც ბრიტანეთის მთავრობას რჩევებს აძლევს იმუნიზაციის საკითებზე.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, აცრას შესთავაზებენ რისკის ჯგუფში მყოფ, დამატებით დაახლოებით 200 000 ბავშვს, ვისაც გულის, ფილტვის, თირკმლის, ღვიძლის და ნევროლოგიური სერიოზული ქრონიკული დაავადება აქვს. საერთო ჯამში, აცრის უფლება 12-15 წლის ასაკის 350 000 ბავშვს ექნება, თუმცა ბრიტანეთში ამ ასაკობრივი ჯგუფის 3 მილიონზე მეტი ბავშვი ცხოვრობს.

ვაქცინაციის და იმუნიზაციის კომიტეტმა განაცხადა, რომ ბავშვებში ვაქცინაციის სარგებელი რისკებს მნიშვნელოვნად აღემატება, თუმცა ამ სარგებლის ზღვარი მცირეა იმისათვის, რომ 12-15 წლის ჯანმრთელი ბავშვების მასობრივი ვაქცინაციის რეკომენდაცია გასცეს.

გარდიანის ცნობით, კიდევ ერთი საკითხი, რის გამოც კომიტეტმა ბავშების მასობრივი ვაქცინაციის რეკომენდაციისგან თავი შეიკავა, ამ ასაკის ბავშვებში მიოკარდიტის განვითარების მცირე რისკებია. აშშ-ში “ფაიზერის” ყოველ მილიონ დოზაზე 12-17 წლის ბიჭებში მიოკარდიტის განვითარების 60 შემთხვევა დაფიქსირდა, გოგოებში კი — 8. მართალია, დაავადება ბავშვებში ძირითადად მსუბუქ ფორმებში განვითარდა, თუმცა, კომიტეტის განცხადებით,საჭიროა საკითხის დამატებითი კვლევა.

ვაქცინაცის კომიტეტის სხდომას წინ უძღოდა ჯანმრთელობის და სოციალური ზრუნვის დეპარტამენტის განცხაცება, რომ ისინი ემზადებიან სექტემბრიდან 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აცრისთვის.

საბოლოო გადაწყვეტილებას, ჯანდაცვის სახელმწიფო უწყებები მიიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი