ახალი ამბები

აქცია თბილისში: მოვაჭრეებმა საიჯარო გადასახადის განახევრება მოითხოვეს

3 სექტემბერი, 2021 • 861
აქცია თბილისში: მოვაჭრეებმა საიჯარო გადასახადის განახევრება მოითხოვეს

თბილისში, სადგურის მოედანზე მდებარე მიწისქვეშა ბაზრობის მოვაჭრეები თბილისის მერიისგან სავაჭრო ფართების იჯარის გადასახადის განახევრებას მოითხოვენ. მათ აქცია 3 სექტემბერს გამართეს, მსვლელობით მერიის შენობასთან მივიდნენ და უწყებაში განცხადება შეიტანეს.

დასაქმებულები ამბობენ, რომ გადასახადების გადახდა მათთვის განსაკუთრებით რთულდება იმ პირობებში, როცა არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს, მყიდველთა რაოდენობა კი — იკლებს.

“ველოდებოდით 4-ში ტრანსპორტის გახსნას. ვინაიდან ტრანსპორტი არ გაიხსნა, ვეღარ ვიხდით გადასახადებს, უზარმაზარი გადასახადებია.

ამიტომ ვითხოვთ, რომ მიიღოს მთავრობამ ან მერიამ რაიმე დადგენილება, რომ ამათაც[მეიჯარე კომპანიას] გაუნახევრდეთ გადასახადი და ჩვენც გაგვინახევრდეს გადასახადი.

ძალიან ბევრი ვერც დადის სამსახურში. ტაქსით უნდა მოხვიდე, ტაქსით უნდა წახვიდე. მე თუ მოვედი, კლიენტი ვერ მოდის. ვინ მოვა აქ ტაქსით ტანსაცმლის საყიდლად? მთელი დღე ცარიელია ბაზრობა. ხანდახან ტაქსის ფულიც არ მაქვს და მეზობლისგან ვსესხულობ”, — უთხრა “ფორმულას” ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

მოვაჭრეთა მოთხოვნებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ უპასუხა. მისი განცხადებით, ბაზრობა კერძოა, პანდემიის პირობებში კი მოიჯარეები საგადასახადო შეღავათებით სარგებლობდნენ.

“კერძო ბაზრობა არის. შესაბამისად, მერიას რა უნდა გაეძვირებინა? თქვენ გახსოვთ, რომ ამ პანდემიის პირობებში, როდესაც მერია დახმარებებს აკეთებდა, ყველა მოიჯარეს ან არ ვახდევინებდით იჯარის საფასურს, ან განახევრებული იყო, მნიშვნელოვნად იყო შემცირებული.

ეს, რა თქმა უნდა, ვრცელდება ქვემოიჯარეებზეც. ანუ, მუნიციპალიტეტს ვისთანაც აქვს კავშირი, არა მხოლოდ იმან უნდა ისარგებლოს, არამედ ის, ვისზეც აქირავებს, იმანაც უნდა ისარგებლოს იმ ბენეფიტებით, რომლებიც მუნიციპალიტეტმა გააკეთა”, — დასძინა მან.

დღევანდელ აქციას, მოვაჭრეების გარდა, “ლეიბორისტული პარტიისა” და მოძრაობა “დროას” წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ მოუწოდეს მერიას, ყურადღება მიაქციოს დასაქმებულთა მოთხოვნებს.

გარეკნის ფოტო: სქრინი “რუსთავი 2”-ის ვიდეოდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი