ახალი ამბები

ჟურნალისტებზე თავდასხმა კატასტროფული შეცდომა იყო, ვიცით, ვისგან მოდიოდა პროვოკაცია — პრემიერი

3 სექტემბერი, 2021 • 2186
ჟურნალისტებზე თავდასხმა კატასტროფული შეცდომა იყო, ვიცით, ვისგან მოდიოდა პროვოკაცია — პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტყიბულში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, დავით ჩერქეზიშვილის წარდგენისას 5 ივლისის მოვლენებზე ისაუბრა და ხელისუფლების ოპონენტები პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

„ეს არის კარგად გააზრებული მზაკვრული შეთქმულება საქართველოს და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. პირველი ამოცანა არის ის, რომ არცერთი ავტორიტეტი არ დატოვონ ქვეყანაში, მოახდინონ დისკრედიტაცია ყველა ავტორიტეტის, ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტის — ჯარის, პოლიციის, სასამართლოსი.

ამიტომაც ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, ამიტომ იგონებენ ათას პროვოკაციას, ამიტომ დგანან ისინი ლგბტ მარშის კამპანიის უკან და მათი ორგანიზებით ხდებოდა ის მძიმე პროვოკაცია, რომელიც ჩვენ თავიდან ავიცილეთ. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო იყო, რაც მოხდა და ჩვენ ყველამ დავგმეთ  — არ შეიძლებოდა ჟურნალისტებზე თავდასხმა და ეს კატასტროფული შეცდომა იყო.

თუმცა, რაც მთავარია, ყველა მოძალადე იქნა დასჯილი და დაპატიმრებული. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ვისგან მომდინარეობდა ეს უმძიმესი პროვოკაცია და შეთქმულება ხალხის წინააღმდეგ”, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ახლა საჭიროა არჩევნებმადე მშვიდად მისვლა, მომდევნო 3 წლის განმავლობაში კი ქვეყანაში არჩევნები აღარ იქნება.

„2024 წლამდე არ გაიმართება არჩევნები. ეს იქნება 3-წლიანი გამონაკლისი პერიოდი, მანამდე 8 წლის განმავლობაში 7 არჩევნები ჩავატარეთ. მოსახლეობა დავღალეთ ყოველ წელს ამდენი არჩევნებით.

ხალხს სჭირდება განვითარებაზე საუბარი, პროგრამებზე, დახმარებებზე, იმ პროექტებზე, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. მაქსიმალურად უნდა მოვიცვათ მთელი ქვეყნის მოსახლეობა. ამიტომაც, მომდევნო 3 წელი უნდა იყოს მხოლოდ განვითარების, მშენებლობის და აღმშენებლობის წლები”, — აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

5 ივლისს თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ათეულობით ჟურნალისტს სცემეს.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

მეორე დღეს, 6 ივლისს, თბილისის ცენტრში შეიკრიბა ათასობით მოქალაქე, რომელთაც დაგმეს სიძულვილი და ჰომოფობია. ძალადობრივი ჯგუფები ამ დღესაც მობილიზდნენ ქუჩებში, თავს დაესხნენ რამდენიმე ადამიანს და არაერთგზის სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა.

გარდაცვლილი ოპერატორის საქმე

“ტვ პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად გამოსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს, მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში სცემეს. ოპერატორმა მძიმე დაზიანებები მიიღო: აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, ბოლო დღეებში კი მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაიცვალა, რასაც 2-დღიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების მონაწილეობით.

მეორე დღეს შსს-მ თქვა, რომ ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, შუალედური დასკვნით, შესაძლოა, ნარკოტიკული ზედოზირება ყოფილიყო. ასევე დასახელდა ის ნივთიერებები, რომელიც, უწყების ცნობით, ლაშქარავას სხეულში აღმოჩნდა, თუმცა  შსს-ს წარმომადგენელს არ უთქვამს, დაადგინა თუ არა სიკვდილის მიზეზი ექსპერტიზამ და გახდა თუ არა სიკვდილის მიზეზი აღმოჩენილი ნივთიერებები. მან ამის შესახებ მხოლოდ სავარაუდო ინფორმაცია გაავრცელა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ. მედიის ორგანიზებით უკვე გაიმართა რამდენიმე აქცია პარლამენტთან, შსს-სთან და პროკურატურასთან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი