ახალი ამბები

ავუხსნით, საერთოდ რა ვალზეა საუბარი – ღარიბაშვილი პრეზიდენტზე

3 სექტემბერი, 2021 • 1555
ავუხსნით, საერთოდ რა ვალზეა საუბარი – ღარიბაშვილი პრეზიდენტზე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის ვარაუდობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის დახმარების შესახებ დეტალებზე საკმარისი ინფორმაცია არ აქვს და სწორედ ამიტომ გააკეთა გუშინდელი განცხადება, რომ EU-ს სესხზე უარი მისთვის გაუგებარი ნაბიჯია.

“მე ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია და ჩვენ მას ავუხსნით, მივაწოდებთ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ საერთოდ რა ვალზეა საუბარი და როგორ არის დიფერენცირებული ეს ვალები და საერთოდ როგორ მართავს მთავრობა მთელ ამ პროცესს”, – განაცხადა პრემიერმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ “ქართულმა ოცნებამ” უარი არა დახმარებაზე, არამედ სესხზე თქვა: “კარგია, რომ სიტყვა შევცვალეთ და დახმარების ნაცვლად ვთქვით ვალი. დიახ, ვალია და სესხი იყო და ევროპული ვალი კი არა, ჩვენ ვთქვით, რომ ეს სესხი აღარ იყო საჭირო”, – მიმართა პრემიერმა ჟურნალისტს.

ამასთან, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხმა პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა და “ოცნების” ოპონენტები წინასაარჩევნო პერიოდში ამაზე სპეკულირებდნენ.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს უფრო მაღალი დონის ურთიერთობა აკავშირებს ევროკავშირთან, “ვიდრე ეს ერთი კონკრეტული ცალკე აღებული სესხის ნაწილია”:

“სესხი იყო დაკავშირებული სასამართლო რეფორმასთან, მოსამართლეთა დანიშვნასთან, ასეთი წვრილმანებით როცა ვკონცენტრირდებით და ევროკავშირთან ურთიერთობას ხაზს ვუსვამთ, ვფიქრობ, ეს არის დამაკნინებელი და დამაზიანებელი ზოგადად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების. ჩვენ გაცილებით უფრო მაღალი დონის თანამშრომლობა გვაკავშირებს ევროკავშირთან, ვიდრე ეს ერთი კონკრეტული, ცალკე აღებული სესხის ნაწილი.

75 მილიონი ევრო რაიმე კრიტიკულ მნიშვნელობას არ იძენს. ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობა აჩერებს, თუ გადახედავს ევროკავშირთან ურთიერთობას ამ მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული თანამშრომლობა ევროკავშირთანაც, ყველა საფინანსო ინსტიტუტებთან, დონორებთან, რომლებიც წლებია უკვე საქართველოს ეხმარებიან და ჩვენ გვაქვს ეს აწყობილი ურთიერთობა და ამას წარმატებით გავაგრძელებთ. ეს სესხი არაფრით უკავშირდებოდა არც რიკოთის მშენებლობას და ა.შ.”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი განმარტებით, “მაღალი ალბათობით” სალომე ზურაბიშვილის ამ ყველაფერზე ინფორმაცია არ ჰქონდა და ის დაავალებს ადმინისტრაციას, რომ პრეზიდენტს ეს ინფორმაცია აუცილებლად მიაწოდონ.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 2 სექტემბერს გაუგებარი უწოდა მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანა უარს ამბობს 75 მილიონი ევროს მოცულობის სესხის მიღებაზე. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკური არგუმენტების მოყვანა დახმარებაზე უართან დაკავშირებით ლოგიკას მოკლებულია.

პრეზიდენტის თქმით, რომ არა საქართველოს ერთგული პარტნიორების დახმარება, სოლიდარობა და გვერდში დგომა, რთული იქნებოდა პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის და შიდაპოლიტიკური დაპირისპირების დაძლევა, გადალახვა და სტაბილურობის შენარჩუნება.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირისგან 2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში — 75 მილიონი ევრო — არ მიიღოს.

ამის არგუმენტად ღარიბაშვილმა დაასახელა, ერთი მხრივ, „საქართველოში მაღალ ეკონომიკურ ზრდა, მეორე მხრივ კი, საგარეო ვალის შემცირების სურვილი.

2020 წლის მაისში საქართველომ ითხოვა მაკროფინანსური დახმარება ევროკავშირისგან, რის შემდეგაც ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ გადაწყვიტეს საქართველოსთვის გამოეყოთ მაკროფინანსური დახმარება მაქსიმუმ 150 მილიონი ევროს ოდენობით, სესხის სახით, რომელიც საქართველოს მაქსიმუმ 15 წელში უნდა დაეფარა.

ევროკავშირი დახმარების პირობად ასახელებდა საქართველოს მთავრობის/პარლამენტის მიერ რეფორმების გატარებას, მათ შორის, სასამართლო რეფორმას.

მასალების გადაბეჭდვის წესი