ახალი ამბები

“არ ვიცი, შუამავალთან რა საუბარი იყო, თუ ეს შუამავალი არსებობს” — კალაძე გახარიასთან შეხვედრაზე

2 სექტემბერი, 2021 • 1467
“არ ვიცი, შუამავალთან რა საუბარი იყო, თუ ეს შუამავალი არსებობს” — კალაძე გახარიასთან შეხვედრაზე

კახა კალაძე, თბილისის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, აცხადებს, რომ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერ გიორგი გახარიას გუშინ მერიაში შეხვდა, თუმცა საუბარი თანხაზე არ ყოფილა, როგორც ეს “ქართული ოცნების” სხვა ლიდერებმა განაცხადეს.

კერძოდ, გუშინ, 1 სექტემბერს, “ოცნების” ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიას “ქართულ ოცნებასთან” შუამავლის მეშვეობით ჰქონდა მცდელობა “ფინანსურ თემაზე”. კობახიძისვე ვერსიით, ამ დროს  იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ “ოცნების” ფინანსური მხარდაჭერა ექნებოდა, გახარია საკუთარ კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა.

კახა კალაძის თქმით, ექსპრემიერი მას თავად დაუკავშირდა და მერიაში შეხვდა, სადაც საკუთარი გადაწყვეტილება გააცნო არჩევნებზე თბილისის მერის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის დასახელების შესახებ. კალაძე აცხადებს, რომ ეს ერთადერთი შეხვედრა იყო მასსა და გიორგი გახარიას შორის მას შემდეგ, რაც გახარიამ “ქართული ოცნება” დატოვა.

რაც შეეხება შუამავლის მეშვეობით კომუნიკაციას, კალაძე ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს:

“დამირეკა და მითხრა, რომ შეხვედრის სურვილი ჰქონდა. ვუთხარი, მოსულიყო მერიაში. გუშინ დილით მოხდა ეს შეხვედრა, მთავრობის სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე. შუამავლის მეშვეობით ჩემთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავიგე, შეხვედრის მიზანი და მიზეზი.

ერთადერთი, რაც ითქვა, იყო, რომ ის აყენებდა კანდიდატურას და არ უნდოდა ეს ტელევიზიით გამეგო. თავად გადაწყვიტა, მას ეთქვა ეს ყველაფერი. მე გითხარით, რაზეც იყო საუბარი. ვერ გეტყვით, არ ვიცი, შუამავალთან რა საუბარი იყო, თუ ეს შუამავალი არსებობს” ,— ამბობს კახა კალაძე.

თავად გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან კალაძესთან შეხვედრა უარყო, თუმცა “ფორმულასთან” დაადასტურა გახარიას გუნდის წევრმა ლევან დოლიძემ. დოლიძის თქმით, თანხის მოთხოვნაზე ბრალდებები აბსურდულია, თუმცა გიორგი გახარია კახა კალაძეს მართლაც შეხვდა და ოპონენტს საკუთარი გადაწყვეტილება ამცნო:

“გიორგი გახარიას ჰქონდა გადაწყვეტილი, კახა კალაძე ჩაეყენებინა საქმის კურსში. მას უნდოდა ეთქვა ამის შესახებ და არ გაეგო ტელევიზიებიდან”, — ამბობს დოლიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი