ახალი ამბები

დეგნანი: სანამ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დატოვებს, კრემლის განცხადებები სანდო არაა

2 სექტემბერი, 2021 • 1532
დეგნანი: სანამ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დატოვებს, კრემლის განცხადებები სანდო არაა

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გუშინდელ განცხადებას.

დეგნანი მიიჩნევს, რომ სანამ რუსეთი არ დატოვებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას უკან არ წაიღებს, კრემლის განცხადებები სანდო არ არის:

“საქართველოს ბევრჯერ მოუსმენია კრემლიდან განცხადებები, თუმცა ისინი სანდოობით არ გამოირჩევა. მას მეტი სანდოობა ექნებოდა, გამყარებული თუ იქნებოდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებით, აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების უკან წაღებით და იმ ვალდებულებების შესრულებით, რომელიც რუსეთს 2008 წლის ომის შემდეგ დაეკისრა.

მე ვერ ვხედავ ვერც ერთ ნაბიჯს ამ მიმართულებით. ვფიქრობ, სანამ ქართველებს მყარი საფუძველი არ ექნებათ ამ საკითხებზე, კრემლისგან გახმიანებული განცხადებები დიდი წონის მატარებელი არ არის” ,- აცხადებს კელი დეგნანი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა, საქართველოსთან აღადგინოს ურთიერთობები, თუ საქართველოს სურს რუსეთთან, როგორც თავის მეზობელთან, ნორმალურად ცხოვრება.

მოსკოვი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად – ლავროვი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი