ახალი ამბები

ზელენსკი-ბაიდენის შეხვედრა: $60 მილიონი უსაფრთხოებისთვის და ენერგოწყაროების დივერსიფიცირება

2 სექტემბერი, 2021 • 2061
ზელენსკი-ბაიდენის შეხვედრა: $60 მილიონი უსაფრთხოებისთვის და ენერგოწყაროების დივერსიფიცირება

ამერიკის შეერთებულ შტატებში ცოტა ხნის წინ გაიმართა შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის. ერთობლივი განცხადების ამსახველი ვიდეო Foxnews-მა გაავრცელა.

ჯო ბაიდენმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას რუსეთიდან მომავალ საფრთხესთან ბრძოლაში და ხაზი გაუსვა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს როგორც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ისე — ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინას ახალი ფინანსური დახმარების შესახებ აცნობა.

“ავამოქმედებთ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას და შევქმნით ახალ ჩარჩოს სტრატეგიული თავდაცვისთვის. ასევე, უსაფრთხოების მხარდასაჭერად აშშ უკრაინას $60 მილიონს გამოუყოფს”, — უთხრა ბაიდენმა ზელენსკის.

აშშ უკრაინას ასევე დაეხმარება კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლასა და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებაში, რაც გულისხმობს ენერგოწყაროების დივერსიფიცირებას.

პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ-მა უკრაინას კოვაქს პლატფორმის საშუალებით კორონავირუსის საწინააღმდეგო 2.2 მილიონი დოზა ვაქცინა აჩუქა და შტატები კიდევ გააგრძელებს ამ მიმართულებით დახმარებას.

უკრაინის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში 31 აგვისტოს დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი