ახალი ამბები

WHO კორონავირუსის ახალ “Mu” ვარიანტს აკვირდება

1 სექტემბერი, 2021 • 1352
WHO კორონავირუსის ახალ “Mu” ვარიანტს აკვირდება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალი ვარიანტი სახელწოდებით “მიუ” [Mu] “ინტერესის ვარიანტის” ჯგუფში დაამატა, რადგან, შესაძლოა ამ ვარიანტს შესწევდეს ძალა, გაუმკლავდეს ვაქცინაციით ან წარსულში ინფიცირებით შექმნილ იმუნიტეტს.

ინფორმაციას Theguardian ავრცელებს.

მიუ ვარიანტი სამეცნიერო სივრცეში ცნობილია, როგორც B.1.621. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ “ინტერესის ვარიანტის” სიაში ის 30 აგვისტოს, მას შემდეგ დაამატა, რაც 39 ქვეყანაში დაფიქსირდა და  შესაძლოა, იმუნურ სისტემას გაუჭირდეს მისი აღმოჩენა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყოველკვირეული ცნობარის თანახმად, რომელიც პანდემიას ეხება, “მიუ ვარიანტს აქვს მუტაციათა ისეთი ერთობლიობა, რომელიც მიუთითებს იმუნური სისტემიდან გაქცევის პოტენციურ შესაძლებლობებზე”.

წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ შესაძლოა მიუ ვარიანტს ისეთივე თვისებები ჰქონდეს, როგორიც ბეტა ვარიანტს, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, თუმცა აღნიშნული მიმართულებით კვლევები ჯერ კიდევ ჩასატარებელია.

ვარიანტი პირველად კოლუმბიაში აღმოაჩინეს. მას შემდეგ ვარიანტის გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდა გაერთიანებულ სამეფოში, ევროკავშირში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჰონგ-კონგში.

მსოფლიო მასშტანით ინფიცირების შემთხვევათა მხოლოდ 0.1 პროცენტს შეადგენს მიუ ვარიანტით ინფიცირება, თუმცა კოლუმბიაში ეს რიცხვი 39 პროცენტია, ხოლო მეზობელ ეკვადორში – 13 პროცენტი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, ისინი გააგრძელებენ დაკვირვებას მიუ ვარიანტზე, რათა დადგინდეს, არის თუ არა ის უფრო გადამდები, ან იწვევს თუ არა უფრო სერიოზულ გართულებებს, ვიდრე დელტა ვარიანტი, რომელიც ამჟამად დომინატია.

მასალების გადაბეჭდვის წესი