ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანი სომეხი ჯარისკაცის მკვლელობას იუწყება, ბაქო უარყოფს

1 სექტემბერი, 2021 • 1139
ერევანი სომეხი ჯარისკაცის მკვლელობას იუწყება, ბაქო უარყოფს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს, 1 სექტემბრერს, დაახლოებით 11:10 საათზე, არარატის რეგიონის სოფელ ერასხში აზერბაიჯანულმა შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ გახსნეს ცეცხლი სომხური პოზიციების მიმართულებით, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი სომეხი სამხედრო მოსამსახურე.

ინფორმაციას სომხური საინფორმაციო სააგენტო news.am ავრცელებს.

საინფორმაციო საშუალების ცნობით, სომხური მხარე პასუხისმგებლობას სრულად აზერბაიჯანულ მხარეს აკისრებს და აცხადებს, რომ მას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ფაქტი, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლი გახსნა.

“სომხეთის ოფიციალური თუ არაოფიციალური წარმომადგენლები ავრცელებენ განცხადებებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაზე, ტყის ხანძრებზე, ქურდობაზე, სოფლებზე სხვადასხვაგვარ ზეწოლაზე და ასე შემდეგ.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია სომეხი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ, რომელიც აზერბაიჯანის არმიის მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა, რაც ასევე არის ტყუილი და პროვოკაცია.

აზერბაიჯანის არმიას არ გაუხსნია ცეცხლი გავრცელებულ ინფორმაციაში მოხსენიებული ადგილების მიმართულებით”, – წერია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აზერბაიჯანული მხარის თანახმად, სისხლიანი ინციდენტები სომხურ არმიაში გამოწვეულია თვითნებობითა და უწესრიგობით.

აზერბაიჯანისა და სომხეთის ძალებს შორის პერიოდულად ხდება სასაზღვრო დაპირისპირებები, რაც ზოგჯერ მსხვერპლით მთავრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი