ახალი ამბები

მინდა კარგად ვისწავლოთ განცხადებების კითხვა – ზალკალიანი

1 სექტემბერი, 2021 • 1109
მინდა კარგად ვისწავლოთ განცხადებების კითხვა – ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროკავშირი გაგებით მოეკიდა საქართველოს ხელისუფლების პოზიციას დახმარების არმიღების ფინანსური ნაწილის დასაბუთებაში.

“პირველ რიგში, მინდა მკაფიოდ გავმიჯნო მაკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებული ეკონომიკური და პოლიტიკური კომპონენტი.

რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, ვფიქრობ, რომ ის დასაბუთება, რაც წარმოადგინა საქართველოს ხელისუფლებამ, იყო ძალიან მკაფიო და ამას მეტყველებს გუშინდელი ევროკავშირის განცხადება, სადაც ფინანსურ ნაწილთან შეფასებებში ევროკავშირი გაგებით ეკიდება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას და ეს არის ასახული იმ განცხადებაში, რომელიც გუშინ გავრცელდა”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ქვეყანას აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი და დამატებით საგარეო ვალის აღება კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვებოდა ეკონომიკას.

“ეს არის 150- მილიონიანი მიკროსაფინანსო ტრანში, სესხი, რომელსაც გარკვეული პირობითობა თავიდანვე ჰქონდა ჩადებული. უნდა გავითვალისწინოთ ის პერიოდი, როდის იყო აღებული ეს სესხი. ეს იყო 2020 წელი, როდესაც პანდემიის პირობებში სჭირდებოდა ვირუსთან ბრძოლის კუთხით ფინანსური მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან და ამ შეთანხმებაში მაშინ გარკვეული პირობითობა აისახა, რაც იყო დაკავშირებული იგივე მართლმსაჯულების სფეროში განსახორციელებელ რეფორმებთან.

დღევანდელი მოცემულობა აბსოლუტურად განსხვავებულია, არაერთხელ განიმარტა, რომ ქვეყანა ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს საგარეო ვალი, რადგან ეს ძალიან მძიმე ტვირთად აწყვება ჩვენს ეკონომიკას.

მაშინ, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს და ქვეყნის შიდაეკონომიკური რესურსების მობილიზების ხარჯზე მოხდა მილიარდზე მეტი ლარის მობილიზაცია, ეკონიმიკას აქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა, ბოლო 6-7 თვის განმავლობაში 12-პროცენტიანი ზრდა, ხოლო ბოლო თვის მონაცემებით- 9.9 პროცენტით ზრდა, ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნებოდა ახალი სესხის აღება, რომელიც საგარეო ვალს კიდევ ერთ მძიმე ტვირთად დააწვებოდა”, – აცხადებს იგი.

ზალკალიანის განცხადებით, საჭიროა “განცხადების სწორად წაკითხვა”.

“ვფიქრობ, რომ ეს არგუმენტები იყო გასაგები და მინდა, რომ ძალიან კარგად ვისწავლოთ კითხვა იმ განცხადებების, რომელთაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ და არ წარმოვაჩინოთ ეს ისეთ მდგომარეობად, თითქოს საქართველომ ამით შეიცვალა კურსი და გადაუხვია დასავლურ კურსსა და ევროკავშირში ინტეგრაციულ პროცესებს”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, საქართველოს სუვერენული უფლებაა, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ეკონომიკას მძიმე ტვირთად არ დააწვება.


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირისგან 2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში არ მიიღოს.

ამის არგუმენტად ღარიბაშვილმა დაასახელა, ერთი მხრივ, „საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა“, მეორე მხრივ კი, საგარეო ვალის შემცირების სურვილი.

ევროკავშირი დახმარების პირობად ასახელებდა საქართველოს მთავრობის/პარლამენტის მიერ რეფორმების გატარებას, მათ შორის, სასამართლო რეფორმას.

საქართველოს ხელისუფლების საპასუხოდ, ევროკავშირმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას მაკროფინანსური დახმარების მიღებაზე უარის თქმის შესახებ, მაგრამ ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველომ ვერ შეძლო, საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა, კერძოდ – გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი