იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია”საქართველოს სასამართლოს გუშაგი”. როგორც ჯანეზაშვილმა განუმარტა “ნეტგაზეთს”, ორგანიზაცია არ იქნება მრავალპროფილური და მხოლოდ სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებს.
ჯანეზაშვილის თქმით, ორგანიზაციას ორი ძირითადი მიმართულება ექნება: ნეპოტიზმი სასამართლო სისტემაში და არაიურისტი მოქალაქეების მიერ სასამართლო სისტემის მონიტორინგი.
“ის, რომ ორგანიზაცია მხოლოდ სასამართლოს თემაზე იმუშავებს, საქართველოსთვის ინოვაციაურია. ეს საშუალებას მოგვცემს, უფრო პროფესიონალურად, მაღალ დონეზე, სიღრმისეული მიდგომებით ვიმუშაოთ მართმსაჯულების პრობლემებზე. რა თქმა უნდა, გამოვიყენებ ჩემს წარსულ გამოცდილებას, რადგან ვარ ის ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ყველა ის გამოწვევა, რაც სასამართლოში იყო და ძალიან კარგად ვიცი შიგნით რაც ხდება”, — განმარტა ჯანეზაშვილმა.
რაც შეეხება ორგანიზაციის მიმართულებებს, ჯანეზაშვილის თქმით, არაიურისტი მოქალაქეების მიერ სასამართლოს სისტემის მონიტორინგი საქართველოსთვის ინოვაციაა, თუმცა მსგავსი მექანიზმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს.
მისი განმარტებით, ეს მექანიზმი გულისხმობს, რომ ორგანიზაცია არაიურისტ მოქალაქეებს ჩაუტარებს ტრენინგებს, რის შემდეგაც ისინი სასამართლო პროცესებს დააკვირდებიან და საკუთარ აზრს დააფიქსირებენ შესაბამის დასკვნებში.
“საქართველოში სასამართლო პროცესების მონიტორინგი უშუალოდ იურისტების მიერ ხდება უფრო სხვა კუთხით, მაგრამ სასამართლო სისტემა ასევე მოქალაქეებისთვისაა.
ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტად იყვნენ მოქალაქეები ჩართული არა მხოლოდ სასამართლო რეფორმებში, არამედ ზოგადად სასამართლო სისტემის განვითარების პროცესში. მიმაჩნია, ბოლო სიტყვა მაინც მოქალაქეებზეა, მათ უნდა ემსახურებოდეს და სათანადო სერვისს უწევდეს სასამართლო და მოქალაქეების შთაბეჭდილებები და გამოცდილებები უნდა იყოს გათვალისწინებული რეფორმებისას და ნებისმიერ პროცესში, როდესაც სასამართლოს სისტემის გაუმჯობესებაზე ვსაუბრობთ”, — უთხრა ჯანეზაშვილმა ნეტგაზეთს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ერთ-ერთ სასამართლოში ამ მექანიზმის საპილოტე ვერსია დაიწყება, რომლის შემდეგაც უფრო ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს.
ამას გარდა, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ის გეგმავს, რომ მომავალში ორგანიზაცია სასამართლო პროცესებს დააკვირდეს იმ მოქალაქეების მიმართვის საფუძველზეც, რომლებსაც კონკრეტული სასამართლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები ექნებათ.
ჯანეზაშვილის თქმით, ამ ეტაპზე საორგანიზაციო საკითხებს აგვარებს და “საქართველოს სასამართლოს გუშაგი” 15 სექტემბრიდან შეუდგება მუშაობას. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი უფრო მეტი დეტალი ორგანიზაციის შესახებ.
ნაზი ჯანეზაშვილი ოთხი წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი არამოსამართლე წევრი იყო, რა დროსაც სასამართლო სისტემას აქტიურად აკრიტიკებდა და მუდმივად საუბრობდა სისტემაში “კლანის” ძალაუფლების მუდმივ ზრდაზე.