ახალი ამბები

ოპოზიციური პარტიები პასიურ საარჩევნო კამპანიაზე “ოცნების” ბრალდებებს პასუხობენ

31 აგვისტო, 2021 • 872
ოპოზიციური პარტიები პასიურ საარჩევნო კამპანიაზე “ოცნების” ბრალდებებს პასუხობენ

ოპოზიციური პარტიების ნაწილი “ქართული ოცნების” დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება, სადაც ოპოზიციური პარტიები გააკრიტიკეს პასიური საარჩევნო კამპანიის გამო.

პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია არ აწარმოებს საარჩევნო კამპანიას, არ იყენებს ფასიან პოლიტიკურ რეკლამასა და არ მონაწილეობს საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა შერჩევის პროცედურაში, რადგან, მისი თქმით, არჩევნების შემდეგ არეულობისთვის ემზადება.

ოპოზიციური პარტიების ნაწილის წარმომადგენელთა განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ კონკურენტების საარჩევნო კამპანიაზე ბრიფინგის გამართვა “არასერიოზული და აბსურდულია”.

“ქართულ ოცნებას არ მოეწონა ჩვენი საარჩევნო კამპანია და ამას ბრიფინგი მიუძღვნა. ეს არის პასუხი, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ და საერთოდ, რა დროს ოპოზიციაზე მიძღვნილი ბრიფინგია, როდესაც 79 ადამიანი დაიღუპა და 5000 ახალი ინფიცირებული გვყავს ყოველ დღე? “ქართულ ოცნებას” არ მოსწონს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმ თემებზე, რაც არის რეალური პრობლემა”, — განუცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა ობოლაძემ “რუსთავი 2-ს”.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ოპოზიცია “ბილბორდების სიმრავლით კონკურენციას ვერ გაუწევს მმართველ გუნდს”.

“ბილბორდებისა და რეკლამების სიმრავლით, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების ბიუჯეტს არც და ვერც გავუწევთ კონკურენციას. ასე რომ, იყვნენ ამ სიმარტოვეში და ეს თუ დისკომფორტს უქმნით, ბევრ რამეს გადავხედავდი მათ ადგილას”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

“ლელოს” წევრი გრიგოლ გეგელია “ოცნების” ბრიფინგს “არასერიოზულს” უწოდებს.

“ისინი ნაცვლად სარკეში ჩახედვისა და საკუთარი თავის შეხედვისა, უყურებენ ოპოზიციის ბილბორდებსა და კამპანიას. ეს არის აბსურდული და არასერიოზული რამ, როდესაც პარლამენტარი დაკავებულია ოპონენტების ბილბორდების განჭვრეტით. მე მას ვურჩევდი, რომ რაიმე სერიოზული საქმე გამონახოს, თუ ასეთ საქმეებს ვერ ხედავს, მაშინ შეხედოს ქართული ოცნების მიერ გაპარტახებულ ქვეყანას”, — განაცხადა გეგელიამ “რუსთავი ორთან საუბრისას”.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა დღეს, 31 აგვისტოს წინასაარჩევნო კამპანია შეაჯამა. და ოპოზიცია პასიური საარჩევნო კამპანიის გამო გააკრიტიკა.

სანამ ოპოზიციას გააკრიტიკებდა, პაპუაშვილმა თქვა, რომ მმართველი პარტია კოვიდრეგულაციების დაცვით ყოველდღიურად ხვდება რეგიონის მოსახლეობას, ეცნობა მათ საჭიროებებს და სახავს გეგმას მათ მოსაგვარებლად. ამის ფონზე კი, პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია სპეციალურად არ აქტიურობს.

“ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიცია, ფაქტობრივად, არ აწარმოებს საარჩევნო კამპანიას, არ საუბრობს რეგიონის მოსახლეობის საჭიროებებზე და არ აქვს რაიმე, თუნდაც პროგრამის მსგავსიც კი. ისინი მოსახლეობას არ სთავაზობენ არაფერს, გარდა დეზინფორმაციისა და ზიზღის კამპანიისა.

მეტიც, ისინი არ იყენებენ გარე რეკლამისთვის განკუთვნილ სარეკლამო სივრცეებს, მათ შორის, არ აქვთ სარეკლამო ბილბორდები, რაც ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ისაუბრონ, თითქოს კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობდა და ამის დასტურად სარეკლამო სივრცეების თანაფარდობა მოიყვანონ.

ოპოზიცია არ იყენებს ფასიან სარეკლამო დროს თავიანთი საარჩევნო რგოლების განსათავსებლად, რათა არჩევნებში მათი მარცხის შემდეგ ითქვას, რომ საარჩევნოდ არათანაბარი და არაკონკურენტული გარემო იყო შექმნილი”, — თქვა პაპუაშვილმა.

„ოცნების“ განცხადებით, ოპოზიცია საარჩევნოდ რეკლამას სპეციალურად არ იყენებს

მასალების გადაბეჭდვის წესი