ახალი ამბები

„ოცნების“ განცხადებით, ოპოზიცია საარჩევნოდ რეკლამას სპეციალურად არ იყენებს

31 აგვისტო, 2021 • 1246
„ოცნების“ განცხადებით, ოპოზიცია საარჩევნოდ რეკლამას სპეციალურად არ იყენებს

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა დღეს, 31 აგვისტოს წინასაარჩევნო კამპანია შეაჯამა და ოპოზიცია გააკრიტიკა პასიური საარჩევნო კამპანიის გამო.

სანამ ოპოზიციას გააკრიტიკებდა, პაპუაშვილმა თქვა, რომ მმართველი პარტია კოვიდრეგულაციების დაცვით ყოველდღიურად ხვდება რეგიონის მოსახლეობას, ეცნობა მათ საჭიროებებს და სახავს გეგმას მათ მოსაგვარებლად. ამის ფონზე კი, პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია სპეციალურად არ აქტიურობს.

“ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიცია, ფაქტობრივად, არ აწარმოებს საარჩევნო კამპანიას, არ საუბრობს რეგიონის მოსახლეობის საჭიროებებზე და არ აქვს რაიმე, თუნდაც პროგრამის მსგავსიც კი. ისინი მოსახლეობას არ სთავაზობენ არაფერს, გარდა დეზინფორმაციისა და ზიზღის კამპანიისა.

მეტიც, ისინი არ იყენებენ გარე რეკლამისთვის განკუთვნილ სარეკლამო სივრცეებს, მათ შორის, არ აქვთ სარეკლამო ბილბორდები, რაც ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ისაუბრონ, თითქოს კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობდა და ამის დასტურად სარეკლამო სივრცეების თანაფარდობა მოიყვანონ.

ოპოზიცია არ იყენებს ფასიან სარეკლამო დროს თავიანთი საარჩევნო რგოლების განსათავსებლად, რათა არჩევნებში მათი მარცხის შემდეგ ითქვას, რომ საარჩევნოდ არათანაბარი და არაკონკურენტული გარემო იყო შექმნილი”, — თქვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ არ დააყენა რეგიონებში ისეთი კანდიდატები, რომლებსაც გამარჯვების მინიმალური შანსი ექნებოდათ, რათა ყველა რეგიონში დამარცხების შემდეგ ისაუბრონ საარჩევნო მანიპულაციებზე.

როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი ამბობს, ოპოზიციურმა პარტიებმა ასევე არ მიიღეს მონაწილეობა საუბნო და საოლქო კომისიების პროფესიული წევრების დაკომპლექტებაში, რათა შემდეგ თქვან, რომ კომისიის წევრები მიკერძოებული იყვნენ.

პაპუაშვილისვე თქმით, ყველა ეს გარემოება მიანიშნებს, რომ ოპოზიცია შეგუებულია არჩვენებზე მარცხს და არჩევნების მეორე დღეს არეულობისთვის ემზადება.

მმართველი პარტია ბოლო დღეებში ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე გახდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამოკრული სარეკლამო ბილბორდების სიმრავლის გამო. ფოტოები ფეისბუკზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ გამოაქვეყნა.

„ოცნების“ საარჩევნო ბილბორდები გორში. ფოტო: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე/Facebook

„ოცნების“ საარჩევნო ბილბორდები წალენჯიხაში. ფოტო: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე/Facebook

მასალების გადაბეჭდვის წესი