ახალი ამბები

ავღანეთი ბოლო ამერიკელმა ჯარისკაცმა დატოვა

31 აგვისტო, 2021 • 728
ავღანეთი ბოლო ამერიკელმა ჯარისკაცმა დატოვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, წინასწარ გაცხადებული ვადის შესაბამისად, ავღანეთიდან საკუთარი ძალები საბოლოოდ გაიყვანა.

ასევე დაასრულა ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციის ოპერაციაც.

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა “ტვიტერში” განათავსა ბოლო ამერიკელი ჯარისკაცის ფოტო, რომელმაც ქვეყანა დატოვა.


“ამერიკის ბოლო ჯარისკაცმა დატოვა ქაბულის აეროპორტი და ჩვენმა ქვეყანამ სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა”, – ასე გამოეხმაურა თალიბანის წარმომადგენელი ქარი იუსუფი ამერიკის ქვეყნიდან გასვლას.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რომ ამერიკული ძალები ავღანეთს 11 სექტემბრამდე დატოვებდნენ, გააქტიურდა თალიბანი, რომელმაც ავღანეთის არმიის პოზიციებზე შეტევა დაიწყო.

საბოლოოდ, თალიბანმა მოახერხა ქვეყნის ყველა დიდი ქალაქისა და მეზობელ სახელმწიფოებთან საზღვრების დაკავება. თალიბანმა აიღო ქაბულიც და ისლამური საემიროს აღდგენა გამოაცხადა.

ავღანეთი დატოვა ათი ათასობით მოქალაქემ, რომლებიც ქაბულის აეროპორტის გავლით მოკავშირეების თვითმფრინავებით გაემგზავრნენ.

გარდა ქაბულის აეროპორტისა, ავღანელი მოქალაქეები სახმელეთო გზით მეზობელ სახელმწიფოებში, ხოლო მოგვიანებით თურქეთსა და ევროპაში ცდილობენ მოხვედრას.

მასალების გადაბეჭდვის წესი