ახალი ამბები

ევროკავშირისგან მაკროსაფინანსო დახმარებას დატვირთვა აღარ აქვს – კობახიძე

30 აგვისტო, 2021 • 1175
ევროკავშირისგან მაკროსაფინანსო დახმარებას დატვირთვა აღარ აქვს – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე ევროკავშირისგან მაკროსაფინანსო დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს. ამის შესახებ კობახიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა ფინანსური რესურით დააკომპენსირებს ქვეყანა მაკროსაფინანსო დახმარების მეორე ტრანშით გათვალისწინებულ 75 მილიონ ევროს, კობახიძემ უპასუხა, რომ ბიუჯეტში, წინასწარ პროგნოზთან შედარებით, 1 მილიარდი ლარით მეტის აკუმულირება მოხდა:

“ფინანსური დატვირთვა პრაქტიკულად აღარ აქვს ამ პუნქტს, გამომდინარე იქიდან, რომ არის 75 მლნ ევროს კრედიტი და, მადლობა ღმერთს, ეკონომიკური ვითარება არის განსხვავებული. დაახლოებით, დამატებით მილიარდი ლარის აკუმულირება მოხერხდა ბიუჯეტში პროგნოზირებულთან შედარებით. გამომდინარე იქიდან, რომ არის მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, 12.7% იყო პირველი ექვსი თვის მაჩვენებელი მაშინ, როდესაც პროგნოზი ამის ნახევარიც არ იყო, ფინანსური დატვირთვა ამას [დახმარებას] აღარ აქვს”, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება პილიტიკურ დატვირთვას, კობახიძის თქმით, “ქართულ ოცნებას” გააზრებული აქვს დახმარების შესაძლო შეწყვეტის პოლიტიკური დატვირთვა, თუმცა ევროკავშირის გადასაწყვეტია, გასცემს თუ არა აღნიშნულ თანხას. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი აღნიშნული თანხის გაცემაზე უარს იტყვის, ეს არ იქნება სანქცია და ამ ტერმინის გამოყენება “ცარიელი სპეკულაციაა”.

“ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შემდეგ, ევროკავშირისგან მაკროსაფინანსო დახმარების მისაღებად რეფორმების გატარება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ახსენა. მან საკუთარი ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც თქვა, რომ პრემიერთან საუბრისას ხაზი გაუსვა ევროკავშირის მაკროსაფინანსო დახმარების მისაღებად რეფორმების გატარების მნიშვნელობას.

“პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები ისე საჭიროა, როგორც არასდროს. მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ბოლო ვადა ახლოვდება და საქართველოს მთავრობის მხრიდან შეთანხმებების, განსაკუთრებით კი, რეფორმების დღის წესრიგისადმი ერთგულების დემონსტირების დროა”, — წერდა მიშელი.

ირაკლი კობახიძემ კი დღეს, 30 აგვისტოს “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულია და “ტექსტმა ძალა დაკარგა”, თუმცა შეთანხმებაში ჩადებულ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს “ქართული ოცნება გადაჭრის”, მაგრა “არა ტექსტის გამო, არამედ ქვეყნის ინტერესების გამო.”

 


მაკროფინანსური დახმარება ევროკავშირის გაფართოების კანდიდატ და სამეზობლო ქვეყნებთან ევროკავშირის უფრო ფართომასშტაბიან ჩართულობას წარმოადგენს და კრიზისებზე საპასუხოდ ევროკავშირის მიერ შემუშავებული დახმარების საგანგებო ინსტრუმენტია. ის ხელმისაწვდომია ევროკავშირის გაფართოების კანდიდატი ქვეყნებისა და სამეზობლო ქვეყნებისთვის, რომლებიც საგადამხდელო ბალანსის სერიოზულ პრობლემებს განიცდიან, პოლიტიკის სფეროში არსებული კონკრეტული პირობების შესრულების გათვალისწინებით. ქვეყნების მიერ მაკროფინანსური დახმარების მიღება, ასევე, დამოკიდებულია იმ პოლიტიკური წინაპირობის შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს დემოკრატიის პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას.

2008 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში მაკროფინანსური დახმარების ოთხი ოპერაცია განახორციელა. კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად და საბიუჯეტო საფინანსო საჭიროებების შესამსუბუქებლად საქართველოს 100 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში გამოუყო. მაკროფინანსურ დახმარებასთნ ერთად, ევროკავშირი სამეზობლო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მხარს უჭერს რამდენიმე სხვა ინსტრუმენტის საშუალებით, მათ შორისაა ჰუმანიტარული დახმარება, ბიუჯეტის მხარდაჭერა, თემატური პროგრამები და ტექნიკური დახმარება, შერეული ინსტრუმენტები და კორონავირუსის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორებში ინვესტიციების მხარდამჭერი მდგრადი განვითარების ევროპული ფონდის გარანტიები.

28 ივლისს „ქართული ოცნების“ ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ ტოვებს 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით შედგა. ამასთან ერთად „ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი